"ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი კომუნა "მზესუმზირას" დაჯარიმებას ეხმაურება.
"ამათ ჟანრების რეგულირება დაუწყიათ - ელექტრონული მუსიკა კულტურული ღონისძიება არააო. შიფუტინსკისა და რუსული ქურდული სიმღერების ფესტივალი ხომ კარგად დაკვალიფიცირდებოდა, როგორც კულტურული ღონისძიება?! ავად არიან", - წერს კანდელაკი Facebook-ის პირად გვერდზე.
კომუნა "მზესუმზირა" 17 ივნისს გამართული ელექტრონული მუსიკის ღონისძიებისთვის 10 000 ლარით დააჯარიმეს. როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათი დაჯარიმების მიზეზი არის ის, რომ ახალი დადგენილებით ელექტრონული მუსიკა არ არის შეყვანილი კულტურულ ღონისძიებათა სიაში.
