
პოპმუსიკის ვარსკვლავის მადონას ანგარიში Instagram-მა დააცენზურა, მას შემდეგ, რაც მომღერალმა საკუთარ გვერდზე ვიდეო გააზიარა, სადაც თავის 15 მილიონ გამომწერს კორონავირუსის შესახებ მცდარ ინფორმაციას აწვდიდა.
მადონა ვიდეოში ყვება, რომ Covid-19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე შექმნილია, თუმცა მას მოსახლეობას უმალავენ, რათა მდიდარი ადამიანების მეტად გამდიდრებას შეუწყონ ხელი.
Instagram-მა მადონას ვიდეოს იარლიყი დაურთო წარწერით - "დეზინფორმაცია".
მოგვიანებით მადონამ ვიდეო საკუთარი ანგარიშიდან წაშალა, მას შემდეგ, რაც მისმა ფანებმა ვიდეოს შინაარსი გააპროტესტეს. მათ შორის იყო მომღერალი ენი ლენოქსი, რომელმაც მადონას ვიდეოზე კომენტარი დატოვა: „ სრული სიგიჟეა. ვერ ვიჯერებ, რომ მსგავს თაღლითობას ავრცელებ. იმედი მაქვს ანგარიშზე ჰაკერები შეიჭრნენ და მოგვიანებით ვიდეოსთვის ბოდიშს მოიხდი".
მსგავსი ვიდეო მადონას პირველად არ გაუვრცელებია. რამდენიმე კვირის წინ მან საკუთარ Twitter-ზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც კორონავირუსს „დიად გამათანასწორებელს" უწოდებდა.
მადონამ რამდენიმე თვის წინ ანტისხეულებზე ჩატარებული გამოკვლევის შედეგებიც გაასაჯაროვა, რომლითაც გაირკვა, რომ მომღერალს კორონავირუსი გადატანილი ჰქონდა.