logo

გორის მერიის სააგენტოს თანამშრომელი ბაჩალიაშვილის დედაზე: ნაცებმა სარალიძე 2 გამოაცხვეს

05 აგვ 202011:40
3 წუთის საკითხავი
clock 26112
გორის მერიის სააგენტოს თანამშრომელი ბაჩალიაშვილის დედაზე: ნაცებმა სარალიძე 2 გამოაცხვეს

როგორც ჩანს, ნაცებმა სარალიძე 2 გამოაცხვეს... - წერს გორის მერიის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის უფროსი შმაგი ხუბულური გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედაზე, თეონა თამაზაშვილზე. 

მან Facebook-ის პირად გვერდზე აშშ-ის საელჩოსთან გადაღებული თამაზაშვილის ფოტო აღნიშნული წარწერით გააზიარა. 

"ფორმულა" თავდაპირველად გორის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, იმის გადასამოწმებლად, მუშაობს თუ არა ხუბულური მერიაში, რაზეც პასუხი ვერ მივიღეთ. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია გორის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ქვათაძემ დაგვიდასტურა.

"ფორმულა" თავად ხუბულურთან დაკავშირებას ცდილობს და მის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან შეიკრიბნენ. ისინი ელჩთან შეხვედრასა და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვდნენ. მათ საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა. ბაჩალიაშვილის დედის თქმით, მას საელჩოში უთხრეს, რომ FBI-ს გამოძიებაში დახმარების თხოვნით ქართულმა მხარემ უნდა მიმართოს. თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ თუ საქართველო ამას არ იზამს, ის შიმშილობას დაიწყებს.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.



close დახურვა