logo
ENG



თურნავა: არ შემიძლია სიხარულით არ აღვნიშნო, რომ ქუჩებში პირველი უცხოელი ტურისტები გამოჩნდნენ

05 აგვ 202012:30
3 წუთის საკითხავი
 

"როგორც ეკონომიკის მინისტრს, არ შემიძლია სიხარულით არ აღვნიშნო, რომ ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ პირველი უცხოელი ტურისტები", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა ევროპიდან საქართველოს მიმართულებით შესრულებულ, ასევე დაგეგმილ ავიარეისებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მგზავრთა უმრავლესობა ტურისტია.

"უკვე იცით, რომ ჩვენ აგვისტოში რეგულარული ფრენები ნაწილობრივ გავხსენით. დაფრინავს Lufthansa, მიუნხენის რეისები სრულდება, Air France-ის პირველი რეისი 9 აგვისტოს ჩამოფრინდება და დღეს გამოფრინდება; ხვალ ჩვენთან იქნება პირველი რეისი Air Baltic-ის - რიგა-თბილისი-რიგა. რეისები, რაც ჩამოფრინდა პარიზიდან, მიუნხენიდან, რასაც ასევე ველოდებით ევროპიდან, აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უდიდესი უმრავლესობა, მგზავრების ¾ არის უცხოელი ტურისტი, საერთაშორისო ვიზიტორები. აქედან გამომდინარე, ქუჩებში უკვე შევძლებთ კვლავ მონატრებული უცხოელი ტურისტები დავინახოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებიც მოფრინავენ და სარგებლობენ ამ რეისებით, მაგრამ ძირითადად ვიზიტორები, რომლებსაც სურთ, რომ ესტუმრონ საქართველოს იმიტომ, რომ საქართველო, ყველა ჩვენს სხვა მიმზიდველობასთან ერთად, არის უსაფრთხო ქვეყანა", - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ საზღვარი გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს გაუხსნა.  საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა. თითოეულმა მგზავრმა უნდა წარმოადგინოს საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის შემთხვევაში, სამშობლოში დაბრუნებისას მათ 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისის ჩათვლით, საქართველოს 727,634 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 94.8%-ით არის შემცირებული.


close დახურვა