logo
ENG



დეკანოზი ჭიღლაძე: რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს უმთავრესი მტერია უკვე 2 საუკუნეზე მეტია

08 აგვ 202014:56
3 წუთის საკითხავი
 
qhgm1levv1srbe4.jpg

"დასაბუთება არ უნდა, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს უმთავრესი მტერია უკვე ორ საუკუნეზე მეტია", - ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

სასულიერო პირი ამბობს, რომ რუსული იდეოლოგიური მანქანა ყველაფერს აკეთებს, რათა ქართველ ხალხში ევრო-ატლანტიკური კურსის მიმართ სიძულვილი დათესოს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობენ ღიად პრორუსული პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც პატრიოტიზმის ტერმინოლოგიით არიან შენიღბულები

"არც იმის მტკიცებაა საჭირო, თუ რამხელა ტრაგედია და დანაკარგები იწვნია ჩვენმა ქვეყანამ და ერმა 2008 წლის აგვისტოში იმპერიალისტური რუსეთის თავდასხმისას. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენს ხალხში არსებული რუსული იდეოლოგიური გავლენები მაინც ღრმად რჩება: გვყავს ღიად პრორუსული (ესე იგი რუსეთიდან მართული) რამდენიმე პოლიტიკური გაერთიანება შენიღბულები პატრიოტიზმის და პროქართულობის ტერმინოლოგიით, წითელი ინტელიგენციის პრორუსული ნარჩენები, რუსული რელიგიურ-იდეოლოგიური მენტალობის გავლენა ღრმად ატყვია ბევრ ქართველ მორწმუნეს როგორც საეროს, ისე სასულიეროს.

ყველაფერს აკეთებს რუსული იდეოლოგიური მანქანა, რომ დათესოს ქართველ ხალხში ევრო-ამერიკული ცივილიზაციის და პოლიტიკური კურსის მიმართ ზიზღი და უნდობლობა, იყენებს საამისოდ თავის მიერ მართულ ტელევიზიებს, გაზეთებს, ინტერნეტსაიტებს, ცნობილ სახეებს. ვერ ვიტყვი რომ დიდ წარმატებას აღწევენ ამ საქმეში, მაგრამ თუნდაც 10 პროცენტიანი ამ გვარი მენტალობის (ესე იგი სამშობლოს ნებსითი, თუ უნებური მტრების) მასის ყოლა სამწუხარო და ტრაგიკული მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის. ამ მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემებიდან ჩვენი ქვეყნის გამოსვლის და სახელმწიფოებრივი აღორძინების, ეკონომიკური წინსვლის და ადამიანის პიროვნების დაცვის ერთადერთი გზა საქართველოს ევრო-ამერიკული ინტეგრაციაა, ესაა ღმერთის მიერ მოცემული ისტორიული გზა, რომლის გარეშეც საქართველოს განვითარება და რუსული ჭაობიდან თავდახსნა შეუძლებელია.

დიდება და მარადიული ხსოვნა აგვისტოს გმირების და რუსულ ოკუპაციასთან (1801 წლიდან დღემდე) მებრძოლი ყველა გმირის სახელებს მოყოლებული ქართლ-კახეთის ბატონიშვილ (უფლისწულ) ალექსანდრე ერეკლეს ძით და მეფე სოლომონ მეორეთი და აგერ ორიოდე წლის წინ წამებით მოკლული გმირის, არჩილ ტატუნაშვილით დაბოლოებული! ღმერთმა ადიდოს და გაუმარჯოს საქართველოს სახელმწიფოს და მრავალტანჯულ ერს!", - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.

 


close დახურვა