logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, კალაძის ცოლის ძმა არჩევნებისთვის სპორტსმენების მობილიზებას იწყებს

17 აგვ 202020:10
3 წუთის საკითხავი
clock 1273

ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების გენერალური მდივნის კახა კალაძის ცოლის ძმამ, გიორგი არეშიძემ, რომელსაც სამეგრელოში, კორცხელში ოპოზიციაზე თავდასხმას უკავშირებენ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კვლავ სპორტსმენების მობილიზებას ცდილობს.

წყარო ფორმულას უყვება, რომ კონსპირაციულ შეხვედრაზე არეშიძემ მკლავჭიდელებს საარჩევნო მოქმედების გეგმა უკვე გააცნო.

ფორმულასთვის მიცემულ ინტერვიუში არეშიძე სპორტსმენებთან გამართულ შეხვედრას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ საუბარი "მეგობრული" იყო და ყველა თემას, მათ შორის პოლიტიკასაც შეეხო. 

შეხვედრის შინაარსზე საუბარი არ სურთ მკლავჭიდელებს. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი პოლიტიკურად გაკოტრებულია და საარჩევნოდ მხოლოდ ძალადობის იმედი აქვს.

წინასაარჩევნო მზადება ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა სპორტსმენებმა უკვე დაიწყეს. ფორმულას ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა სპორტსმენთა ნაწილთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გაიმართა. 

ჩვენი ინფორმაციით, არეშიძე უკვე შეხვდა მკლავჭიდის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს რეზო ლუტიძეს, პარამლკავჭიდის მთავარ მწვრთვნელს ვასო დაუთაშვილს და მკლავმჭიდელ გენადი კვიკვინიას.

საარჩევნოდ სპოტსმენების მობილიზებაში კახა კალაძის ცოლის ძმის აქტიურობაზე, ოპოზიცია 4 წლის წინაც საუბრობდა, როცა შუალედურ არჩევნებზე, კორცხელში სპორტსმენები ოპოზიციონერ ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ოპოზიციაში დღესაც ფიქრობენ, რომ ხელისუფლება კვლავ ძალისმიერი მეთოდებით შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას - ვინაიდან მათი შეფასებით, ოცნების გუნდს სხვა ალტერნატივა არ აქვს.

ის რომ ხელისუფლება 2020 წლის არჩევნებზე მოქმედი ძალოსნების გამოყენებას აპირებს, ადასტურებს ბათუმელი სპორტსმენის ფირუზ ბოლქვაძის განცხადებაც, რომლიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამას და პოლიციის უფროსს, სპორტსმენების მობილიზებაში ადანაშაულებს. მიუხედავად იმის, რომ ამ განცხადებაზე პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო, ამ დრომდე არ გამოუკითხავთ სპორტსმენის მიერ დასახელებული მაღალჩინოსნები.


close დახურვა