ბავშვის უფლებათა კოდექსი გასულ წელს დაამტკიცეს, თუმცა მის საფუძველზე შეცვლილი მაუწყებლობის კანონი რამდენიმე დღეში შედის ძალაში. ცვლილების ამოქმედებამდე მედია ორგანიზაციები სახელმწიფოს მხრიდან მედიის კონტროლის საფრთხეზე ალაპარაკდნენ. მაუწყებლები პარლამენტსა და კომუნიკაციების კომისიას კანონის ნორმების ამოქმედებაზე მორატორიუმისკენ მოუწოდებენ. იურისტები კი, ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნის მიღმა, ცენზურის ნიშნებზე მიუთითებენ. იგეგმება ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება.
10 დღეში მაუწყებლებს აეკრძალებათ ბავშვებისთვის "საფრთხის შემცველი" მასალების გავრცელება. კანონით გაწერეს, რომ იკრძალება ისეთი პროგრამები, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ, სულიერ განვითარებას, მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სოციალიზაციას. ჩანაწერი, რომელშიც ეს ფართო ცნებებია გამოყენებული, ეხება ნებისმიერ სატელევიზიო პროგრამას.
ამას გარდა, ახალი წესებით, ის ვებ-გვერდები, რომლებსაც განთავსებული აქვთ ფილმები, ანიმაციური ფილმები, სერიალები, პროგრამები და თამაშები, ვალდებული არიან გაუკეთონ სპეციალური ასაკობრივი ნიშანდებები 18, 15, 12 და 7 წლამდე "არასრულწლოვანებისთვის შეუფერებელ" პროგრამებზე.
ბავშვის ინტერესების დაცვა პრიორიტეტულია და არაა სადავო, თუმცა მიღებული კანონმდებლობა, სხვა მიზანს რომც არ შეიცავდეს, [ცენზურის] ცდუნების შესაძლებლობას მაინც აჩენს - ედუარდ მარიკაშვილი
რას დაარეგულირებს კანონი - უფრო მარტივად
კომისიას ფართო დისკრეცია ექნება, თავად გადაწყვიტოს, რა არის არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის საზიანო და რა - არა.
ფორმულას კითხვაზე, ვინ შეაფასებს პროგრამების შინაარსს, კომუნიკაციების კომისიაში პასუხობენ, რომ კომისია, როგორც დამოუკიდებელი ორგანო, კოლეგიალურად მიიღებს გადაწყვეტილებას საჯარო სხდომებზე. ამასთან, ამატებენ, რომ კომუნიკაციების კომისიის ყველა გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრებას ექვემდებარება.
უწყებაში, ასევე, განმარტავენ, რომ კონკრეტული პროგრამები, რომელიც შეიძლება იყოს მოზარდებისთვის შეუსაბამო, მაგალითად სექსუალური სცენა, განმარტებულია მაუწყებელთა ქცევის კოდექსში.
კანონი განსაზღვრავს, როგორია არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა და დროის ლიმიტებს აწესებს ამ პროგრამის სამაუწყებლო ბადეში განსათავსებლად. ცვლილებების ნაწილი მაუწყებელთა ქცევის კოდექსიდან არის აღებული, რომელიც აქამდე თვითრეგულირების ქვეშ ექცეოდა.
ახალი კანონმდებლობით, დილის 6 საათიდან 24 საათამდე, 18 წლამდე მოზარდებისთვის აკრძალულია ისეთი პროგრამის განთავსება, რომელიც შეიცავს:
- სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას;
- ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება;
- უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია;
- ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით- საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა);
- ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;
- თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;
- ნარკოტიკის, საინექციო ხელსაწყოს, ნარკოტიკული ნივთიერების მომზადების ტექნოლოგიის ან გამოყენების პროცესის ახსნა-განმარტებას;
- სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის პროპაგანდას, აღწერს თვითმკვლელობის პროცესს ან საშუალებას;
- იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და 6 სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას;
- აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით;
- ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს;
- ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას.
კომისიის მიერ არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიჩნეული პროგრამების გაშვება, 6 საათიდან 23 საათამდე აიკრძალება 15 წლამდე მოზარდებისთვის, 6 საათიდან 21 საათამდე აიკრძალება 12 წლამდე მოზარდებისთვის და ასევე, 6 საათიდან 21 საათამდე აიკრძალება 7 წლამდე მოზარდებისთვის.
კანონში აღნიშნულია, რომ ყველა ამ ვალდებულების მიუხედავად, სამაუწყებლო ბადეში ამგვარი პროგრამა მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაში დაიშვება "მხოლოდ სათანადო და მკაფიო გაფრთხილებით, რომ იგი შესაბამისი ასაკის არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ მასალას შეიცავს". გაფრთხილების სახით, პროგრამას უნდა ჰქონდეს დართული ვიზუალური ნიშანი განუწყვეტლივ, ასევე, ტექსტური და ვერბალური გაფრთხილება წინასწარ, მასალის გადაცემამდე.
ფასიან სამაუწყებლო არხს შეუძლია, არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს PIN-კოდით დაცული სისტემით, დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
ცვლილებით კომისიამ შეიძლება თქვას, რომ ბავშვთა ზეგავლენისგან დაცვის მიზანი აქვს და არა, მაგალითად, ის, რომ ჩემი ცოლის დაქალები ბიძინას ივანიშვილს არ მოსწონს. ბავშვთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის ინტერესის ქვეშ გაატარებენ ყველა იმ შეზღუდვას, რაც მათთვის სასარგებლოა - ედუარდ მარიკაშვილი.
თუკი მაუწყებელი ახალ ნორმას დაარღვევს...
ცვლილების იმ ნაწილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაც არასრულწლოვანზე მავნე ზეგავლენას გულისხმობს, კომისია მაუწყებელს დააკისრებს ჯარიმასა და დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულებას, გაფრთხილების გარეშე.
ერთი წლის განმავლობაში, დარღვევების განმეორების შემთხვევაში, მაუწყებელს უჩერდება ლიცენზიის მოქმედება.
ახალი რეგულაციები პრაქტიკაში - რა არის პრობლემა
"ახალი ნორმების ბუნდოვანება", მისი "ფართოდ გაგება" და "არაგანჭვრეტადობა" საკმარისია უფლებადამცველებისთვის, რომ ის არაკონსტიტუციურად მიიჩნიონ.
"ტომი და ჯერში რომ ტაფით დასდევს კატა თაგვს, შეიძლება, ჩათვალონ შეუსაბამო პროგრამად, როგორც იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენება. იმდენად ფართო ცნებაა ეს, რომ ყველაფერი შეიძლება, მოაქციო", - ამბობს იურისტი ედუარდ მარიკაშვილი.
მისივე თქმით, ბავშვის ინტერესების დაცვა პრიორიტეტულია და არაა სადავო, თუმცა მიღებული კანონმდებლობა სხვა მიზანს რომც არ შეიცავდეს, ცენზურის ცდუნების შესაძლებლობას მაინც აჩენს. მისივე განცხადებით, არსებობს რისკები, კომისიამ ის არა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენოს, არამედ, "კრიტიკული მედიის გასაჩუმებლად".
"[ცვლილებით] კომისიამ შეიძლება თქვას, რომ ბავშვთა ზეგავლენისგან დაცვის მიზანი აქვს და არა მაგალითად, ის, რომ სერიალი 'ჩემი ცოლის დაქალები' ბიძინას [ივანიშვილს] არ მოსწონს. ბავშვთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის ინტერესის ქვეშ გაატარებენ ყველა იმ შეზღუდვას, რაც მათთვის სასარგებლოა", - განმარტავს იურისტი.
Როგორც კანონში ვკითხულობთ, "15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელია პროგრამა ანონსი რომელიც შეიცავს შეურაცხმყოფელ ლექსიკას". ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ ტერმინი იმდენად ფართოა, შესაძლოა, თუკი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ამგვარი ლექსიკა იქნება, ეს კონტენტიც ვერ გაუშვან ეთერში დილის 6-დან საღამოს 23 საათამდე, ნიშანდების არსებობის შემთხვევაშიც კი.
ახალ ნორმაში გაწერილია ისიც, რომ 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება; იურისტისთვის, ასევე, გაურკვეველია, რა იგულისხმება "გაუკუღმართებულ ქმედებაში", რადგან ეს ტერმინი სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულია.
ედუარდ მარიკაშვილის თქმით, Შეზღუდვები შეეხება ტელევიზიების ინტერნეტ გვერდებზე გამოქვეყნებულ მასალებსაც, მათ შორის, ვიდეოებსა და ფოტოებს. მაგალითად, [თუკი ძალადობის შესახებ ახალ ამბავს დანის ამსახველი ფოტო ადევს] - "შეიძლება, კომისიამ ეს ძალადობის დანით წახალისებად მიიჩნიოს".
იურისტი, ასევე, ახალი კანონმდებლობის საფრთხეებზეც მიუთითებს და ამბობს, რომ პასუხისმგებლობის დაკისრების შიშით, შესაძლოა, მედიებმა თვითცენზურას მიმართონ და თუკი რაიმე ინფორმაცია არის საეჭვო, შეიძლება, ის საერთოდ არ გაუშვან:
"ეს არის გამოხატვის თავისუფლების გამყინავი ეფექტი".
ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა მაუწყებლის კოდექსის ცვლილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ედუარდ მარიკაშვილის თქმით, შინაარსის დადგენის საკითხს კონსტიტუცია გამორიცხავს:
"საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, არ შეიძლება კომისიამ დაარეგულიროს გამოხატვის თავისუფლების შინაარსი. შინაარსზე დაფუძნებული რეგულირება არის ყველაზე მძიმე ფორმის ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში. იმისათვის, რომ დაცული იყოს საფრთხეები, რაც ყოველთვის აქვთ ხელისუფლებებს, აქ კონსტიტუცია ძალიან მკაფიო საზღვრებს აწესებს".
არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის წევრი, ანა არგანაშვილი ამბობს, რომ თუკი მედია შეზღუდვაზე განაცხადებს, საჭიროა, დამყარდეს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და ბავშვთა უფლებების დაცვას შორის.
იგი, ასევე, საფრთხილოდ მიიჩნევს იმ არგუმენტსაც, რომ სხვა ქვეყნებსაც აქვთ მსგავსი ჩანაწერი კანონმდებლობაში:
"სხვა ქვეყნებში გამოცდილებაცაა, რომ ერთხელ უკვე შეეცადნენ მედიის უფლებას და იქ სასამართლომ უთხრა არაო. ამიტომ ასეთი ჩანაწერი იქ არ წარმოადგენს საფრთხეს, რადგან იქ განმარტავენ სწორად. ჩვენს შემთხვევაში, როცა არ ვიცი ვინ როგორ განმარტავს, არ ვიცით, სასამართლო რას იზამს, ამიტომ შეიძლება, რომ იყოს საფრთხე".
იგი ჰყვება, რომ ბავშვთა კოდექსის პირველ დახურულ შეხვედრას თავად დაესწრო, მოგვიანებით კი პროექტში არსებული ხარვებეზე მედიასთან ისაუბრა. როგორც ამბობს, ამ ამბის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ის და მისი კოლეგა, ანა აბაშიძე სხდომებზე აღარ დაუშვა.
მაუწყებლების პასუხი
4 ტელეკომპანია და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი კომუნიკაციების კომისიასა და საქართველოს პარლამენტს მიმართავს, გამოაცხადონ მორატორიუმი მაუწყებლობის კანონში ცვლილებების ამოქმედებაზე. კერძოდ, მაუწყებლებს არ დაეკისროთ პასუხისმგებლობა მანამ, სანამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგი ძალაში არ შევა. მიმართვას ტელეკომპანია ფორმულაც უერთდება.
"კეთილშობილური მიზნის ფასადირებით ცვლილებების კანონში გადმოტანით, სახელმწიფოს ეძლევა ბერკეტი, განახორციელოს მაუწყებლების სრული სარედაქციო კონტროლი, რის შედეგადაც მაუწყებლებს შეექმნათ მძიმე ფინანსური პრობლემები სანქციის სახით", - ასე აფასებენ ისინი საკანონმდებლო ცვლილებას მაუწყებლობის კოდექსში.
მათი თქმით, ასეთ ბუნდოვან ჩანაწერთან ერთად, კიდევ უფრო გამძაფრდა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევისა და კონტროლის სამართლებრივი ბერკეტები.
ისინი კომისიას მიმართავენ, რომ შეიმუშავონ რაიმე სახის გზამკვლევი, რეკომენდაცია ან დადგენილება, რათა უფრო მკაფიო გახდეს კანონი და მისი აღსრულების პროცესი ყველა მხარისათვის.
2019 წლის სექტემბერში Ბავშვთა უფლებათა კოდექსი საქართველოს პარლამენტმა 85 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.
ავტორი: გვანცა ნემსაძე