logo
ENG



თურნავა რუსეთზე: ფრენების აღდგენის წინადადებას ეპიდვითარების გათვალისწინებითაც განვიხილავთ 

21 აგვ 202014:17
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რუსეთთან ავიამიმოსვლის თაობაზე რუსული მხარისგან ოფიციალური წინადადება არ შემოსულა. 

თურნავა ღნიშნავს, რომ თავის დროზე რუსეთის გადაწყვეტილება ავიამიმოსვლის შეწყვეტის შესახებ მიზანშეწონილი არ იყო. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებს, ქართული მხარე წინადადებას ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განიხილავს.

"დღემდე ჩვენთან რაიმე ოფიციალური წინადადება ან განაცხადი რუსული ავიაკომპანიებისგან არ შემოსულა. ჩვენთვის არ არის ცნობილი, ოფიციალურად თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული რუსეთის მხარის მიერ შეზღუდვის გადახედვაზე და დაველოდებით ამ გადაწყვეტილებას.

ჩვენ ჯერ კიდევ მაშინაც ვამბობდით, როდესაც რუსეთმა შეწყვიტა ავიამიმოსვლა, რომ იმ გადაწყვეტილებას მაშინ რაიმე მიზანშეწონილება არ ახლდა, იმიტომ რომ არც მაშინ და არც არასდროს რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს საქართველოში არაფერი ემუქრებოდათ, აბსოლუტურად უსაფრთხო იყო და არის ჩვენი გარემო.

დღესდღეობით თუკი მსგავსი წინადადება შემოვა, ჩვენ ამას განვიხილავთ უკვე არამხოლოდ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, არამედ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებითაც",-აცხადებს თურნავა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება.

სერგეი ლავროვის განცხადებას პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხში გამოეხმაურა. ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთთან ავიამიმოსვლა რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და აღდგენაც მოსკოვზეა დამოკიდებული.

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეაჩერა.  


close დახურვა