
UFC-ის ქართველი მებრძოლს, გიგა ჭიკაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარასპორტი ავრცელებს. ვირუსის გამო, ჭიკაძე ალექს კასერესთან 30 აგვისტოს დაგეგმილ ბრძოლას გამოტოვებს.
ქართველი მებრძოლი თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაშია.
"თავს კარგად ვგრძნობ. დღეს დავბრუნდი ლას-ვეგასიდან კალიფორნიაში და ვიმყოფები იზოლაციაში. ძალიან გული მწყდება, რომ ის ბრძოლა, რომელსაც ძალიან დიდი დრო ველოდებოდი, არ შედგება. მაგრამ მჯერა, რომ ღმერთს სხვა, უკეთესი გეგმები აქვს ჩემთვის", - განუცხადა ჭიკაძემ აჭარასპორტს.
შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძე UFC-ში 2019 წლიდან ასპარეზობს და მსოფლიოს უდიდესი პრომოუშენის ეგიდით ჩატარებული სამივე ბრძოლა მისი გამარჯვებით დასრულდა.