აუდიტის სამსახურმა ფინანსების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით პატრიოტთა ალიანსს წერილი გაუგზავნა.
ფორმულას უწყებაში უთხრეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აუდიტის სამსახური განსაკუთრებით ყურადღებით აკვირდება პარტიების შემოსავლებსა და ხარჯებს. მათ შორის, პატრიოტთა ალიანსის ფინანსებს.
აუდიტის სამსახურს პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების შესახებ პროკურატურამ მიმართა, რომელსაც პრორუსული პარტიის დაფინანსების გამოძიება ელენე ხოშტარიამ მოსთხოვა. ევროპული საქართველოს მაჟორიტარმა კანდიდატმა უწყებას განცხადებით 25 აგვისტოს მიმართა. 31 აგვისტოს კი პროკურატურიდან პასუხი მიიღო, რომ პატრიოტთა ალიანსის მიმართ გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს.
"თურმე გამოძიების საფუძველი არ არსებობს და მხოლოდ აუდიტის სამსახურს მიმართეს. თითქოს ეს ჩვეულებრივი საქმეა, სადაც უნდა გაერკვიონ ფინანსური საკითხების სისწორესა და გამჭვირვალობაში". - თქვა ელენე ხოშტარიამ.
რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის, მიხაილ ხადარკოვსკის ორგანიზაცია დოსიემ გამოძიების 2 ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებას და რუსულ კავშირებს ეხება. გამოძიებიდან ირკვევა, რომ პრურუსულ პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში კრემლთან დაახლოებული პირები ეხმარებიან, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.
გამოძიების მეორე ნაწილში, რომელიც 31 აგვისტოს გამოქვეყნდა, ლაპარაკია პარტიის ლიდერების აფხაზეთში ვიზიტზე, საარჩევნო კლიპებსა და არჩევნებამდე დაგეგმილ აქტივობებზე.
დოსიეს გამოძიების პირველი ნაწილი წაიკითხეთ აქ
მეორე ნაწილი წაიკითხეთ აქ.