
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის პანდემიის პირობებში სკოლებისთვის სახელმძღვანელო პრინციპები შეიმუშავა. შესაბამისი რეკომენდაციები დღეს, 18 სექტემბერს WHO-ს საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა, ვასილი ესენამანოვმა ჟურნალისტებს გაახნო.
WHO-ს რეკომენდირებული ზომებია:
- სკოლაში დასწრებისა და შესვლის წესების შემოღება (ტემპერატურის გაზომვა, გარეთ რიგში დადგომა, უსაფრთხო დისტანციის დაცვა);
- დაჯგუფება: მასწავლებლების და მოსწავლეების მცირე ჯგუფებად დაყოფა, რომლებიც ერთმანეთს არ შეერევიან (ხშირად ეძახიან "ბაბლს", წრეს, კაფსულას);
- ფიზიკური სივრცის რეორგანიზაცია (სულ მცირე 1-მეტრიანი დისტანცია);
- შემოსასვლელ-გასასვლელის დადგენა, სავალი მიმართულების მონიშვნა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით;
- ხელის დაბანისა და ხელის სადეზინფექციო საშუალებების მოწყობა;
- ზედაპირებისა და საზიარო ნივთების ხშირი გასუფთავება;
- ადეკვატური და შესაბამისი ვენტილაციის უზრუნველყოფა;
- ასაკისთვის შესაბამისი ნიღბის ტარება, როცა დისტანცია ვერ ხერხდება;
- ნიღბებით უზრუნველყოფა;
- სიმპტომების სკრინინგი მშობლებისა და მასწავლებლების მიერ;
- საეჭვო შემთხვევების ტესტირება და იზოლაცია;
- რისკის შემთხვევაში სახლში დარჩენის პოლიტიკა.
საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვირუსის შემთხვევების მატების გამო, დიდ ქალაქებში სწავლა პირველ ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.