logo
ENG



კობახიძე ლომჯარიაზე: ოპოზიციონერი ომბუდსმენი აკეთებს სამარცხვინო განცხადებებს

26 სექ 202000:58
3 წუთის საკითხავი
clock 741
bx2wzgwjoe1hcnz.jpg

ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე საქართველოს სახალხო დამცველზე ამბობს, რომ იგივეა, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია და მას "სამარცხვინოს" უწოდებს. მან ომბუდსმენი, საარჩევნო დაშინებებისა და ზეწოლის საქმეებზე, კონკრეტული სახელების არდასახელების გამო გააკრიტიკა.

"ომბუდსმენი არსებითად იგივეა, რაც NGO, სამწუხაროდ. [...] მე რომ ვიყო, წარმოიდგინეთ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, მივდივარ ომბუდსმენთან და ვეუბნები, რომ ჩემზე არის ზეწოლა, გთხოვთ, ჩემი სახელი არ დაასახელოთ, რაც უპასუხისმგებლობაა.

იგივე სკანდალი თქვენ არ გახსოვთ ID ბარათებთან დაკავშირებით? თავი რომ ჩაღუნა ომბუდსმენმაც და მთელმა არასამთავრობო სექტორმა?! გამოვიდნენ და თქვეს, რომ არ ასახელებდნენ საკუთარ გვარებს, მაგრამ იბეჭდებოდა სადღაც ID ბარათები. ბოდიშიც არ მოუხდიათ მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ყველაფერი იყო ნათელი.

იგივე სამარცხვინო რამეა ესეც, როდესაც შენ გამოდიხარ და უპასუხისმგებლოდ აკეთებ ასეთ განცხადებებს, როდესაც ერთი სახელი და გვარის დასახელება არ შეგიძლია და როცა ეს წლებია გრძელდება. ეს სამარცხვინოა. ეს დაახლოებით იგივეა, რაც CRRC-ის NDI-ს შემთხვევა.

ქართულმა ოცნებამ ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დავუჭირეთ მხარი იმიტომ, რომ ოპოზიციას მივეცით ომბუდსმენის ინსტიტუტი, ეს იყო რეალობა. პირდაპირ იყო ასეთი თხოვნა სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით და ოპოზიციას მივეცით ომბუდსმენი და ეს ოპოზიციონერი ომბუდსმენი ახლა აკეთებს ამ განცხადებებს და მართლა სირცხვილია", - აცხადებს კობახიძე. 

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 24 სექტემბერს წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას განაცხადა, რომ ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ უკვე დაფიქსირდა. მისივე თქმით, გასული წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისთვის პრაქტიკულად არავის უგია პასუხი.


close დახურვა