logo
ENG



აშშ-ის საელჩო: მივესალმებით შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის კანონპროექტის მიღებას

29 სექ 202021:01
3 წუთის საკითხავი
 
u0h5rap5yfrl98i.jpg

საქართველოს პარლამენტის მიერ შრომის კოდექსში ცვლილებების შესატანი კანონპროექტის მიღებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება.

როგორც საელჩოში აცხადებენ, დამსაქმებლების მიერ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვას არსებითი მნიშვნელობა აქვს ინკლუზიური ზრდის, ეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებისა და უკეთესი საინვესტიციო კლიმატის შექმნისთვის. 

"პირველად ქართველ დასაქმებულებს გარანტირებული ექნებათ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, სამსახურიდან გათავისუფლების სარგებელი და დეკრეტული შვებულება მამაკაცებისთვის. შრომის ინსპექციას ენიჭება უფლება, გამოუცხადებლად ჩაატაროს ინსპექცია ყველა სექტორში. ეს კანონი საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებისა და სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცების გზაზე წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია", - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკის საელჩოში აცხადებენ, რომ ყურადღებით დააკვირდება ამ ცვლილებების განხორციელებას, შრომის ინსპექტირების გაფართოებული მანდატის ჩათვლით, რაც მშრომელთა სამართლიანი მოპყრობის უზრუნველყოფისთვის გადამწყვეტი იქნება.

პარლამენტის პლენარულ სესიაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით მიიღეს. მას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა. 

ცვლილებები შეეხება შრომის კოდექსს, ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ. 

კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებებით, შეიქმნება ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ი - შრომის ინსპექციის სამსახური. 

შრომის ინსპექტორი უფლებამოსილი იქნება, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო სივრცეში, ნებისმიერ სამუშაო ადგილას, გონივრული ეჭვის საფუძველზე, რომ არსებობს იძულებითი შრომის და შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევა. 

მოითხოვოს საჭირო ვადით სამუშაო ადგილის, სამუშაო სივრცის ან ნებისმიერი ნაწილის ხელშეუხებლობა, რაც გონივრულობის ფარგლებში აუცილებელია სამუშაო ინსპექტირების განსახორციელებლად. 

მოითხოვოს ნებისმიერი მასალა ან ნივთიერება, გადაიღოს ფოტო და ვიდეო. აზომოს ტერიტორია. 

გამოკითხოს სამუშაო ადგილას მყოფი ნებისმიერი პირი. 

მოსთხოვოს ნებისმიერი ნივთის ან დოკუმენტის გადაცემა და სხვა. 

ვრცლად შრომის ინსპექციის უფლებამოსილებების შესახებ ნახეთ აქ. 

შრომის ნორმების დარღვევისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას სანქციები:

გაფრთხილება; 

ჯარიმა; 

სამუშაო პროცესის შეჩერება. 

აღმოჩენილი დარღვევის გამოსწორებისთვის გონივრულ ვადას ინსპექციის სამსახური განსაზღვრავს დამსაქმებელსა და გაერთიანებას (არსებულის შემთხვევაში) და/ან დასაქმებულის წარმომადგენელთან კონსულტაციის საფუძველზე. 

 

შრომის ინსპექტორის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში. 

 

 


close დახურვა