logo
ENG



აბესაძე: ივანიშვილმა იპოდრომის არამოგებიანი აქტივი მოიშორა, 80 000 კვ.მ თავისთვის დაიტოვა

06 ოქტ 202011:32
3 წუთის საკითხავი
clock 1771

ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დედაქალაქს იპოდრომის მხოლოდ ის ნაწილი გადასცა, რომელიც, ეკონომიკური თვალსაზრისით, არამოგებიანია.

მისი თქმით, იპოდრომის მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც დაახლოებით 80 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, მმართველი გუნდის ლიდერმა თავისთვის დაიტოვა.

აბესაძე ფიქრობს, რომ ივანიშვილი ამ ტერიტორიაზე საკუთარი ბიზნესპროექტების განხორციელებას აპირებს.  

"ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორია მიმდინარე წლის ივნისში დაყო რამდენიმე ნაწილად. ქალაქს უბრუნებს მხოლოდ ცენტრალურ მოედანს, სადაც თეორიულად ვერანაირი ეკონომიკური და ბიზნეს პროექტების განხორციელების ინტერესი ვერ ექნება. სამაგიეროდ, ის საკუთრებაში იტოვებს დაახლოებით 79 ათას კვადრატულ მიწის ნაკვეთს, სადაც, როგორც ჩანს, აპირებს საკუთარი ბიზნესპროექტების განხორციელებას და ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებას. რეალურად, მან მოიშორა არამოგებიანი აქტივი და დაიტოვა შემდგომი განვითარებისთვის იპოდრომის მნიშვნელოვანი ტერიტორია", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

აბესაძე შესაძლო ფულის გათეთრებაზეც საუბრობს. მან მიმდინარე წლის ივნისში განხორციელებული ფინანსური ოპერაცია გაიხსენა, როდესაც ფონდმა ქართუმ ივანიშვილის კომპანიისგანვე იპოდრომის ტერიტორია 60 მილიონ ლარად გამოისყიდა.

"ეს არის შავით თეთრზე გაშიფრული თაღლითობა. თუ სახელმწიფოსთვის ჩუქება სურდა ივანიშვილს, მას შეეძლო კერძო საკუთარებიდანვე გადაეცა სახელმწიფოსთვის და მოქმედი საგადასახადო კოდექსით ეს ოპერაცია არ დაიბეგრებოდა. ჩნდება კვლავ მთავარი შეკითხვა - ხომ არ ხდება ფულის გათეთრება და მეორე - როდესაც ქართუ ფონდიდან კერძო შპს-ში, ერთი ჯიბიდან მეორეში გადაიდო 60 მილიონი ლარი, რომლის გაკეთების გონივრული არგუმენტიც არ არსებობს, ხომ არ სურს მას, რომ ეს ფული გარკვეულწილად გამოიყენოს უკანონოდ ქართული ოცნების პარტიული საქმიანობის დაფინანსებისთვის", - განაცხადა აბესაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ, 5 ოქტომბერს, საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ფონდი ქართუ თბილისის მუნიციპალიტეტს "უსასყიდლოდ გადასცემს" ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება. ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის ეს ნაბიჯი ამომრჩევლის მოსყიდვას ისახავს მიზნად.  

დღეს, 6 ოქტომბერს კალაძემ პარკის პროექტის პრეზენტაციაც გამართა და თქვა, რომ მისი მოწყობა უახლოეს რამდენიმე დღეში დაიწყება.

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია კი პარტიებმა ოფიციალურად 31 აგვისტოს დაიწყეს.


close დახურვა