ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა მიზერული რაოდენობაა.
ცერცვაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით სიკვდილიანობა არის 0.6%, რაც უახლოვდება გრიპის დროს გარდაცვალებას.
"ჩვენთან 58 გარდაცვლილი ავადმყოფია, რაც ჩვენთვის ჟღერს როგორც ბევრი, რადგან მიჩვეული ვიყავით 10-12-13-ს. რომ გადახედოთ სხვა ქვეყნების სტატისტიკას რაც ინტერნეტში იდება, 58 გარდაცვლილი არის მიზერი. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში კორონავირუსით სიკვდილიანობის პროცენტი არის 0.6%, რაც უახლოვდება გრიპის დროს გარდაცვალებას", - განაცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევებისა და ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების ზრდა შიდა შეზღუდვებისა და მობილობის მოხსნამ განაპირობა.
"იმის გამო, რომ მოიხსნა შიდა შეზღუდვები, იყო დასვენების პერიოდი, მოსახლეობამ დაკარგა სიფხიზლე, განებივრდნენ, ნიღბის არგამოყენებამ, სოციალური დისტანციის მოშლამ გამოიწვია შემთხვევების მატება. ბუნებრივია შემთხვევების მკვეთრ მატებას, სიკვდილიანობის რაღაც დონით მატება მოჰყვებოდა. ოთხი გარდაცვლილი დღეში არის 0,6%, ეს არის მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. სხვა ნებისმიერ ქვეყანაში 572 ახალ ავადმყოფზე სულ ცოტა 30-40 გარდაცვლილი ეყოლებოდათ, ჩვენ გვყავს ოთხი. ეს კარგი არაა, თავის ოჯახისთვის ტრაგედიაა, მაგრამ რა ვქნათ?!", - აცხადებს ცერცვაძე.
6 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 268.
NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში 6 817 PCR ტესტირება ჩატარდა. ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 9 245 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 4 887 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 58.