ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების პატიმრობაში დატოვების მოტივი პოლიტიკურია, ბრალდება კი - აბსურდული.
მისი თქმით, ქართულ ოცნებას წინასაარჩევნოდ მორიგ ჯერზე სურს, გაუგებარი რამ დააბრალოს წინა ხელისუფლებას:
"ქართული ოცნების ხელისუფლებამ საპატიმროში დატოვა ორი ძალიან პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. ისინი საპატიმროში ისეთი აბსურდული ბრალდებით დატოვა, რომელსაც არათუ იურიდიული შინაარსი, არამედ არანაირი მორალური ასპექტი არ გააჩნია. ისინი დატოვეს პატიმრობაში იმ მოტივით, რომ თავისი პოლიტიკური მიზნები მოიყვანონ სისრულეში და ისევ და ისევ წინასაარჩევნოდ, გაუგებარი რაღაც დააბრალონ წინა ხელისუფლებას", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელ, ივერი მელაშვილისა და კომისიის წევრს, ნატალია ილიჩოვას აღკვეთის სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.
ბრალდება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. სხდომაზე ივერი მელაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის ღალატი სწორედ ამ საკითხის წამოწევაა.
გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, ის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
