ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი დავით გარეჯის საქმეზე კარტოგრაფების დაკავების ფაქტს აფასებს და ამბობს, რომ ქართული ოცნება ამით რეალური პრობლემებიდან ცდილობს ყურადღების გადატანას. ამის შესახებ კუბილიუსმა ტვიტერზე დაწერა.
"საქართველოს მთავრობამ დააპატიმრა ორი საჯარო მოხელე "აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის უკანონოდ გადაცემისთვის". შენიშვნა: გამოძიება ეხება 2007 წლის პერიოდს. სასაცილოა. ქართული ოცნება პოლიტიკურ ოპოზიციას ადანაშაულებს, რათა რეალური პრობლემებისგან - პანდემიის მიმართ სუსტი რეაგირება და ეკონომიკის შეჩერება - გადაიტანოს ყურადღება", - წერს კუბილიუსი.
Georgian authorities arrested 2 civil servants for “illegal land transfer to Azerbaijan”. Note - events in question took place back in 2007. Funny. Georgian Dream blames political opposition to divert attention from real problems - poor pandemic response & stalling economy.
დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება ამბობს, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ დავით გარეჯთან საზღვრის დადგენის პროცესში არ გამოიყენეს სათანადო რუკები, რის გამოც კომპლექსის ნაწილი სხვა ქვეყანას [აზერბაიჯანს] მიეკუთვნა, რაც საქართველოს ინტერესებისთვის დამაზიანებელია. კარტოგრაფები კი აცხადებენ, რომ ის რუკა, რომლის გამოყენებასაც პროკურატურა ითხოვს, არაზუსტია და დაახლოებით 200-300 მეტრიან ცდომილებას იძლევა, შესაბამისად, მას მოლაპარაკების პროცესში ვერ გამოიყენებდნენ.
დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები".
საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს ოპოზიცია და სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებებს ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოს უწოდებს.