logo

არქიმანდრიტი კირიონი დავითგარეჯზე: გახარია თითქმის, ლამის დაადგა იმ კურსს, რასაც ენმ-ადგა

17 ოქტ 202016:03
3 წუთის საკითხავი
clock 8 clock 1066

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონ ონიანმა ნეიფაშისტურ, ანტილიბერალურ პლატფორმაზე, ალტ ინფოზე გადაცემაში სტუმრობისას ილაპარაკა დავით გარეჯის საკითხზე, სადემარკაციო კომისიის მუშაობასა და პრემიერმინისტრების დამოკიდებულებებზე

საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმე, არქიმანდრიტი კირიონი აცხადებს, ყველაზე სწორად ამ საკითხებს ირაკლი ღარიბაშვილი და მამუკა ბახტაძე უდგებოდნენ, გიორგი გახარია კი "თითქმის, ლამის იმ გზას დაადგა, რასაც ნაციონალური მოძრაობა ადგა". 

კირიონის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს კონკრეტული შედეგები დადგა, თუმცა, შემდეგ ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილმა ჩაანაცვლა, რომლის დროსაც "სრული სტაგნაცია იყო".

"ღარიბაშვილი მიდის ხელისუფლებიდან და მის მიერ მთელი ეს მომართული საქმე გაჩერდა. მოდის კვირიკაშვილი და მთლიანად არის უძრაობის პერიოდი - არც უარყოფითი, არც დადებითი, უძრაობაა.

ვხვდები მე კვირიკაშვილს ოთხჯერ თუ სამჯერ პრემიერის კაბინეტში, გვაქვს საუბრები, თხოვნები, ის ხვდება მერე მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს და არის უცნაური პასუხი.

იქ არის ნიუანსი, რომელსაც ჯერ ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ გამოძიებისთვის არ არის ალბათ გაშლილი ეს თემა და მეუბნება [კვირიკაშვილი], რომ მიხეილ ჯანელიძეს შინაგან დონეზე არ ჯერა ამისი და ამიტომ მეც დაბნეული ვარ, რა ვქნა, არ ვიციო. მე გაოგნება გამოვხატე, რადგან აქ საუბარია დოკუმენტურ ფაქტზე და არა შინაგან რწმენაზე", - თქვა სასულიერო პირმა. 

შემდგომ პრემიერად მოდის მამუკა ბახტაძე და მინდა, მას მადლობა განვუცხადო და ვეუბნები, სადაც ვახერხებ ამის თქმას. იმიტომ რომ მასთან შეხვედრა მქონდა ორჯერ, ავუხსენი ყველაფერი. ავუხსენი, რომ კომისიაში გლახად არის საქმე. მან მკითხა, მამა კირიონ, რა შეიძლება გავაკეთო მე, როგორც პრემიერმაო. 

მე ვუთხარი, რომ აუცილებელია და სასწრაფოა კომისიის გაჯანსაღება. იმიტომ, რომ, ვერ მივდივართ აქტებამდე. იმ მოკლე დროში, რაც ის პრემიერი იყო, ეს იყო სრული პოზიტივი ამ საქმეში. იმასაც ვიტყვი, რომ არ აქვს მიწოლის ის ენერგია, რაც ჰქონდა ღარიბაშვილს, მაგრამ სრული პოზიტივი, კეთილშობილი კაცი, ნამდვილად სახელმწიფო მოღვაწე". - თქვა არქიმანდრიტმა. 

შემდეგ კი მოქმედი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გააკრიტიკა და ნაციონალურ მოძრაობას შეადარა. 

"მერე მოდის გახარია, რომლის დროსაც არათუ გაიყინა საქმე და გაჩერებულია - სტაგნაციაა. ანუ, თითქმის, ლამის დაადგა იმ კურსს, რასაც ნაციონალური მოძრაობა ადგა. აი, აქ უკვე ხდება მონასტრის დაძაბულობა და გემახსოვრებათ ჩემი კრიტიკა მისდამი, როგორი მძაფრი და შეუვალი იყო. მე არ მოვრიდებივარ არასდროს არც ერთი ხელისუფალის კრიტიკას. 

ამ დაძაბულობის პიკზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ უშუალოდ მე და გახარიასაც გვაქვს ერთმანეთში, გვაქვს დაძაბული საუბრები და მე არ ვთმობ მასთან პოზიციებს, ბრუნდება პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილი და მე მივდივარ მასთან და ვეუბნები, ირაკლი, აქ ხალხი საქმეში ვერ ერკვევა, ვერ იხედებიან ღრმად და ძალიან გთხოვ, დამეხმარე". - თქვა სასულიერო პირმა. 

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებითად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან". 

პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე დაიწყო, რომელიც მათ, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის დახმარებით მოიპოვეს. ფორმულას წყაროს ინფორმაციით, რუკა, რომელსაც ბრალდება ეყრდნობა, ხიდაშელმა, თავის მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით მოიპოვა.

არქიმანდრიტმა კირიონმა რუკების მოძიება ირაკლი ღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა. როგორც ცნობილია, ამის შემდეგ მიმართა ბიძინა ივანიშვილმა დავით ხიდაშელს.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას არ ედავება უშუალოდ დავით გარეჯის მონაკვეთზე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას. უწყება მათ ედავება აზერბაიჯანთან კომისიის დონეზე სამუშაო დოკუმენტებზე შეთანხმებაზე და ამტკიცებს, რომ კომისიას სხვა დოკუმენტები რომ გამოეყენებინა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა. 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა". 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან, გადაარჩინეს საქართველო და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები". 

ნატალია ილიჩოვას ადვოკატი ნესტან ლონდარიძე კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიტყვებს ავრცელებს: "ყოველ წამს მგონია, რომ კარი გაიღება, შემოვა ვინმე და ბოდიშს მომიხდის ამ დანაშაულის გამო რომ მე აქ ვარ და დავტოვებ ამ დაწესებულებასო".

დავით გარეჯის საზღვრის მონაკვეთი დღემდე ყველა დონეზე შეუთანხმებელია - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულია საზღვრის 446 კილომეტრიანი ზოლიდან 294 კილომეტრი, 152 კილომეტრი - შეუთანხმებელია 

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 ტაძრიდან 3 - ჩიჩხიტური, უდაბნო და ბერთუბანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მას შემდეგ მოექცა, რაც 1922 წელს ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ყარაის ველი დაუთმეს. 1994 წლიდან აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე ორმხრივი კომისია მუშაობს. 



close დახურვა