ტვ პირველის დირექტორი, ვატო წერეთელი ამბობს, რომ მამამისს, ბიზნესმენ ავთო წერეთელს მოკვლით დაემუქრნენ.
"მამაჩემს ორი სპორტული აღნაგობის ზონდერი დახვდა და თუ არ გაჩერდები, მოგკლავთო
შინაგან საქმეთა სამინისტრო, დროზე !!!!!!!!!!!".- დაწერა წერეთელმა ფეისბუქზე.
თავად ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი ჰყვება, რომ მას უცნობი პირები დაემუქრნენ და ტელეკომპანია "პირველის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა მოთხოვეს.
"საკმაოდ ხშირად დავდივარ ლისის ტბაზე, მეორე წრეს ვარტყამდი, ორი ახალგაზრდა, მაღალი ბიჭი გადამიდგა. კამერებმა დააფიქსირეს ისინი და ვნახეთ. თუ არ გაჩერდება თქვენი ტელევიზია მოგივლითო... რაც მათ წარმოთქვეს, იმავეს ვერ გაგიმეორებთ", - განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.
შსს-მ ფორმულას უთხრა, რომ ამ საქმეზე განცხადება მალე გაკეთდება.
ბიზნესმენი ავთო წერეთელი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეში ფიგურირებს ფულის გათეთრების შესახებ.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ფულის გათეთრების მუხლით გამოძიება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ 2019 წლის იანვარში დაიწყო. პროკურატურა მათ 17 მილიონი დოლარის მოცულობის სესხზე ედავება, რომელიც თიბისი ბანკიდან ავთანდილ წერეთელმა 2007 წელს აიღო.
ავთანდილ წერეთელს ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, 2019 წლის 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას თიბისი ბანკის დამფუძნებლებისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, "რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".
წერეთელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წელს 500 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.
2020 წლის თებერვალში ავთო წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მკურნალობა დასჭირდა. .