logo
ENG



ამბები, რომლებიც 22 ოქტომბერს უნდა იცოდე

22 ოქტ 202008:57
3 წუთის საკითხავი
clock 3332
sglshjnj7mad20p.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 22 ოქტომბერს უნდა იცოდეთ

 

ტერორისტი ჯერ კიდევ მიმალვაშია

ზუგდიდში ჩატარებული, რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. დამნაშავე დაახლოებით 23:00 საათზე, საქართველოს ბანკის შენობიდან, მძევლებთან ერთად გამოვიდა, რომელთაგან ერთ-ერთი სამხარეო პოლიციის უფროსი დავით გალდავა იყო. ღამის ოთხ საათზე თავდამსხმელმა ყველა მძევალი გაათავისუფლა თავად კი გაიქცა. 

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგი ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით მიემართებოდა, თუმცა თავდამსხმელის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ღამის განმავლობაში სამძებრო სამუშაოებს ახორციელებდა. 

 

რა მოხდა ზუგდიდში?

თავდამსხმელი ზუგდიდში, საქართველოს ბანკში დაახლოებით შუადღის ორ საათზე შეიჭრა, რის შემდეგაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ადგილზე მუშაობა დაიწყეს. მოგვიანებით მათ სპეცდანიშნულების რაზმიც შეუერთდა. 

ერთ-ერთი მძევალი - ირაკლი კვარაცხელია მედიასთან კონტაქტზე  ბანკში შეჭრიდან დაახლოებით ორ საათში გავიდა. მძევალმა მედიას თავდამსხმელისთვის სასურველი ინფორმაცია მიაწოდა. თავდამსხმელი უსაფრთხო კორიდორს, ვერტმფრენსა და 500 000 ამერიკულ დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მძევლების სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა. 

საგამოძიებო მოქმედებების და მოლაპარაკებების მიმდინარეობასთან ერთად საღამოს საათებში თავდამსხმელმა ეტაპობრივად მძევლების გამოშვება დაიწყო. ხელისუფლებამ თავდამსხმელის მოთხოვნები შეასრულა და ადგილზე საინკასაციო მანქანით თანხა მიიტანა. 

დაახლოებით თერთმეტი საათისთვის კი მან სამ მძევალთან ერთად, გახსნილი ხელყუმბარითა და უსაფრთხო კორიდორის გავლით საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა. ერთ-ერთი მძევალი კი სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა დავით გალდავამ ნებაყოფლობით ჩაანაცვლა. მასთან ერთად მძევლად იყვნენ ზუგდიდის მერის, გეგა შენგელიას ბიძაშვილი, ლაშა შენგელია და ბანკის მომხმარებელი 25 წლის მურიკო ბულია. ტერიტორიის დატოვების შემდეგ მძევლებთან ერთად ის რამდენიმე საათის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდებოდა. 

ღამის ოთხ საათზე თავდამსხმელმა ყველა მძევალი გაათავისუფლა თავად კი გაიქცა.

 

ოპოზიციის შეფასება 

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ოპოზიციაში აფასებენ. მთავრობის ოპონენტების თქმით, ხელისუფლება მოსახლეობის მუდმივი ინფორმირების ნაცვლად მძევლებზე პოლიტიკური იარლიყის მიკერებით იყო დაკავებული.

ოპოზიციაში შიშობენ რომ მომხდარი შესაძლოა პრეცედენტი გახდეს სხვებისთვისაც. მმართველი გუნდის ოპონენტების აზრით ხელისუფლებამ რომელმაც კრიმინალთან ხელშეკრულება გააფორმა, მისგან ვალდებულებების გადახდას ითხოვს. 

 

ექსპერტების შეფასება 

ზუგდიდში მომხდარ ფაქტს ანალიტიკოსები ეხმაურებიან. ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მძევლების პოლიტიკური ნიშნით განსხვავება უპრეცედენტო შემთხვევაა. ამასთან, მათი აზრით, საინტერესოა, როცა ქვეყანა კოვიდპანდემიიდან გამომდინარე სრულად ჩაკეტილია, რაში სჭირდებოდა თავდამსხმელს მოთხოვნილი ვერტმფრენი და როგორ აპირებდა ის საზღვრის დატოვებას. მთავრობის განცხადებებს კი ექსპერტები სრულიად არაადეკვატურად და კანონთან შეუსაბამოდ ახასიათებენ.

 

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებები

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ზუგდიდიდან გაქცეულ თავდამსხმელს ტერიტორიაზე არ შეუშვებენ. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასაზღვრო ძალების მეთაურის თქმით, ისინი რუსეთთან ერთად, ყველა საჭირო ზომას მიიღებენ, რომ დამნაშავე აფხაზეთში არ შევიდეს. 

მანამდე განცხადება გააკეთა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ. მან განაცხადა, რომ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელის ავტომანქანა რომელშიც მძევლებიც იმყოფებოდნენ, აფხაზეთისკენ მიემართებოდნენ. ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დამნაშავე ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ვერ შეძლებდა. 

 

ზუგდიდი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში

ზუგდიდში განვითარებული მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. საქართველოს ბანკზე თავდასხმასა და მძარცველის მიერ მძევლების აყვანის ფაქტი ,,ასოსიეითედ პრესმა’’, ,,როიტერსმა’,’ "ვაშინგტონ პოსტმა", "ეიბისი ნიუსმა",  "ევრონიუსმა" და სხვა გავლენიანმა გამოცემებმა გააშუქეს. მოვლენების განვითარების პარალელურად მედიასაშუალებები ინფორმაციას ქართულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებდნენ. 

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომენტარი არ გააკეთა იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი აიყვანეს მძევლად ან რა მოთხოვნები გააჟღერა მძარცველმა, მაგრამ ადგილობრივ მედიის ცნობით, თავდამსხმელმა 500 000 ამერიკული დოლარი მოსთხოვა."-წერია ვაშინგტონ პოსტის სტატიაში. 

"ევრონიუსის" ინფორმაციით, ბანკის შენობაში მძევლების აყვანა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარებით შეიარაღებულმა პირებმა მოახდინეს. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარი მოითხოვა ეი-ბი-სი ნიუსიც წერს. „საქართველოში ბანკის 43 მძევალი გაათავისუფლეს"-პუბლიკაციას ამ სათაურით აქვეყნებს როიტერსი. „ეს განცხადება, შეიარაღებული პირის სამ მძევალთან ერთად გაქცევის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე გაკეთდა."- წერს გამოცემა.   

 

მუქარა ავთანდილ წერეთელზე

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელზე განხორციელებული მუქარის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე, უცნობია, არიან თუ არა თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები. ავთანდილ წერეთელი პოლიციაში დაკითხვაზე, ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.

ვატო წერეთელი: მამაჩემს 2 ზონდერი დახვდა და დაემუქრა, თუ არ გაჩერდები, მოგკლავთო


ტვ პირველის დამფუძნებლის მამა აცხადებს, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმა სუსის დაკვეთილი იყო. დაკითხვაზე იმყოფებოდა ასევე ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელიც.

 

სისხლიანი დაპირისპირება ,,ქართული ოცნების’’ შტაბში

დმანისში „ქართული ოცნების’’ შტაბში დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 4 ადამიანი. დაშავებულები არიან: ლაშა ვიბლიანი, მიშა დაუთაშვილი და მერაბ ხორგუანი, რომლებსაც ჭრილობა ფეხის არეში აქვთ მიყენებული, მეოთხე ადამიანი დავით ჩხეტიანი კი წელის არშია დაჭრილი. 

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი ხელს „ნაციონალურ მოძრაობას” ადებს და განმარტავს, რომ ისინი პოლიტიკური პროცესის ძალადობრივ პროცესში გადაყვანას ცდილობენ.

მეშველიანის ბრალდებას პასუხობს „ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი, რომელის ინფორმაციითაც, ერთმანეთს ქართული ოცნების ნასვამი აქტივისტები დაუპირისპირდნენ. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებამ სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და 236-ე - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.

 

„დაუპიპინე ბიძინას" 

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმართულებით გუშინ მთელი დღის განმავლობაში მანქანების მსვლელობა მიმდინარეობდა. აქცია-მსვლელობა „დაუპიპინე ბიძინას“ „ევროპულმა საქართველოს" ორგანიზებით გაიმართა და მას პარტიის მხარდამჭერებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები ხმოვანი სიგნალით ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ, რომ დროა, ხელისუფლებიდან წავიდეს. თბილისის კოლონას ავტომობილები სხვადასხვა რეგიონიდანაც შეუერთდნენ.

 

ISFED-ის წინასაარჩევნო მონიტორინგი 

პოლიტიკური მოტივით თანამდებობიდან გათავისუფლება, აქტივისტებზე ძალადობა და ამომრჩეველზე მუქარა - ეს ნაწილია იმ საკითხების, რომლებიც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადეობის წინასაარჩევნო მონიტორინგის მეხუთე შუალედურ ანგარიშში მოხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ძირითადი ტენდენცია შენარჩუნებულია და წინასაარჩევნოდ მდგომარეობა მწვავდება.

 

კარტოგრაფების საქმე

კარტოგრაფების საქმეზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გამოიკითხა. დარსალია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ და სადემარკაციო სადელიმიტაციო საბჭოს თავმჯდომარედ. დარსალია გამომძებლების კითხვებს თითქმის ხუთი საათის განმავლობაში პასუხობდა, უწყების დატოვების შემდეგ მან მედიასთან დეტალებზე არ ისაუბრა. სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის და მისი მოადგილის პოზიციები ურთერთგამომრიცხავია. მალხაზ მიქელაძემ ჩვენების თანახმად, სადავო რუკები აზერბაიჯანულ მხარეს 2019 წელს გადაეცა. მინისტრის მოადგილე კი ირწმუნება, რომ რუკა მეზობელ ქვეყნებს ექსპერტების დასკვნის შემდეგ გადაეცა.

 


close დახურვა