logo
ENG



ელისაშვილი: ვითხოვთ გომელაურის გადადგომას

22 ოქტ 202021:43
3 წუთის საკითხავი
 

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თანამდებობიდან უნდა გადადგეს. ამის მიზეზად ის გუშინ, ზუგდიდში მომხდარ თავდასხმას და სპეცოპერაციის შემდეგ, მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ასახელებს.

"ვითხოვთ გომელაურის გადადგომას. თვითონ უნდა ჰყოფნოდა შეგნებაც, მორალიც, ნამუსიც და თავად უნდა გადამდგარიყო გუშინდელი დღის შემდეგ. ასევე დღევანდელი განცხადების შემდეგ, როდესაც თქვა, რომ "თანხა საქართველოს ბანკის იყო", საქართველოს ბანკი რა ხალხის ფული არაა?", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ თანხა, რომელიც თავდამსხმელს გადასცეს, ბიუჯეტიდან არ იყო და საქართველოს ბანკს ეკუთვნოდა.

ზუგდიდში მდებარე საქართველოს ბანკში გუშინ, 21 ოქტომბერს მძარცველი შეიჭრა. მან მძევლები აიყვანა და 500 000 დოლარს ითხოვდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ის ბანკიდან სამ მძევალთან ერთად წავიდა, მოგვიანებით ისინი გაათავისუფლა და ფულთან ერთად გაიქცა. შსს-ში ამბობენ, რომ მისი სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


close დახურვა