logo
ENG



გახარია: ოპოზიციის გარკვეული ნაწილი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოსაშლელად ყველაფერს აკეთებს

27 ოქტ 202018:06
3 წუთის საკითხავი
clock 472

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ოპოზიციის ნაწილი ყველაფერს აკეთებს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშალოს, მაგრამ ისინი ამ მიზანს ვერ მიაღწევენ.

გახარიას თქმით, ოპოზიცია დარტყმის ქვეშ აყენებს ექიმებს, პოლიციასა და ჯარს.

"ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, მაგრამ ეს უბრალოდ მიუღწევადია, ვერ მიაღწევენ. ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ენერგიას არ იშურებს, რომ დარტყმის ქვეშ დააყენოს ეპიდემიოლოგები და ექიმები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე არიან. პარალელურად, იგივე დარტყმას დღეს აყენებენ პოლიციას, პარალელურად იგივე დარტყმას აყენებენ ჯარს. თქვენ რა გგონიათ, რომ ექიმები არ ცდებიან? ან პოლიციელები არ ცდებიან? ან მე არ ვცდები? ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ამ ქვეყნის ინსტიტუტების გაძლიერება, ინსტიტუტების, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ. ეს ის ექიმები, პოლიციელები და სამხედროები არიან, რომლებიც პირველ რიგში, ჩვენს ამომრჩეველს იცავს", - აღნიშნა გახარიამ. 

პრემიერის განცხადებით, არჩევნების მოახლოების გამო, პოლიციელები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ეპიდემიის შეჩერებას ცდილობდნენ, ახლა ამორალური დარტყმის ობიექტები გახდნენ.

ქართული ოცნების ლიდერები ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმის დღიდან მოყოლებული ამტკიცებენ, რომ ოპოზიციის კრიტიკა, ისევე როგორც მედიის მიერ მიმდინარე პროცესების გაშუქება მიანიშნებს, რომ მათ ნაწილს სპეცოპერაციის უმსხვერპლოდ დასრულება არ სურდა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ჟურნალისტს უთხრა, რომ მას სავარაუდოდ ზუგდიდის ქუჩებში კუბოების ხილვა გაუხარდებოდა.


close დახურვა