ერთიანი საქართველოს ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისმა პარტიამ არჩევნებზე ამომრჩეველთა სულ მცირე 5%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.
მან მმართველ გუნდს მოუწოდა, არ გაბედოს ბიულეტენების გაბათილება ან სხვა პარტიებისთვის გადანაწილება.
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანებს, ვინც მივიდა საარჩევნო უბანზე და თავისი აზრი დააფიქსირა. განსაკუთრებით მადლობას ვუხდი მათ, ვინც მივიდა და შემოხაზა სამი ნომერი. ვიცი, რომ ასეთი ადამიანი საკმაოდ ბევრი იყო. მე ვიცი, რომ ყუთებში არის მინიმუმ 5%, სამწუხაროდ მეტი არა, მაგრამ 5%-ის ფარგლებში ნამდვილად გვაქვს მხარდაჭერა. არ გაბედოს ქართულმა ოცნებამ ამ ბიულეტენების გაბათილება როგორც ეს 2013 წელს გააკეთა, ან სხვა პარტიებისათვის გადალაგება, როგორც ეს გააკეთა 2016 წელს", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეგზიტპოლების შედეგებს არ ენდობა.
"რაც შეეხება ეგზიტპოლებს, რომელიც გამოცხადდა, თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება კვლევებისა და ეგზიტპოლების მიმართ. ისტორიულად, როდესაც 1 პროცენტი გვეწერა კვლევაშიც და ეგზიტპოლშიც, 2013-2014 წელს 10-11%-ს ვიღებდით. ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ მით უფრო, რომ მისული ადამიანების 40%-მა თავისი აზრი საერთოდ არ დააფიქსირა", - თქვა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია ფორმულას მიერ დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, 16:00 საათის მონაცემებით, ქართულ ოცნებას 46% აქვს, ხოლო სააერჩევნო ბლოკი: ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" - 28%.