"ეს ხალხმრავლობა მიუთითებს იმაზე, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, სიმართლისთვის ვიბრძვით. ქართველი ადამიანი არ შეეგუება გაყალბებას, ღირსების აყრას და არც ერთ შემთხვევაში უკან არ დაიხევს", - ასე მიმართა ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს.
როგორც მან აღნიშნა, ვითარება, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის განმავლობაში მოქალაქეები მხოლოდ ქუჩის პროტესტით ახერხებენ შედეგის მიღებას, უნდა დასრულდეს.
"სამწუხაროდ, ჩვენი დამოუკიდებლობის მანძილზე, ხშირად გვიწევს მოსვლა აქ, რუსთაველზე. ეს იმიტომ, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი, კანონი, სასამართლო, კანონის უზენაესობა, პარლამენტი, მთავრობა და მხოლოდ ქუჩის პროტესტებით გვიწევს ყოველთვის, რომ მივაღწიოთ შედეგს, ამიტომ ვართ აქ. ეს უნდა დამთავრდეს. ისეთი პარლამენტი გვინდა, რომელიც ხალხს მოუსმენს და ხალხის ნების შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას და არა პარლამენტი, რომელიც ემსახურება მხოლოდ კონკრეტული ადამიანების ინტერესებს", - განაცხადა ვაშაძემ.
მან ოპოზიციის მოთხოვნები კიდევ ერთხელ წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ბრძოლა არ დასრულდება იქამდე, სანამ ხელისუფლება მათ არ შეასრულებს.
"ჩვენი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები, ჩვენი მოთხოვნაა, რომ მთლიანად შეიცვალოს საარჩევნო წესები ისე, რომ უზრუნველყოს ნებისმიერი ადამიანის ნების გამოხატულება. ეს ბრძოლა არ არის ერთდღიანი, ეს არის განგრძობადი. ჩვენ არ დავიღლებით და მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე თქვენთან ერთად", - მიმართა ვაშაძემ აქციის მონაწილეებს.
პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებენ და მასშტაბურ აქციას მართავენ. საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილების მოთხოვნა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.
