ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ საპროტესტო აქციას "შტურმს" უწოდებს და აცხადებს, რომ ამის ორგანიზატორი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიაა.
ბრიფინგზე, რომელიც აქციის წყლის ჭავლით დაშლის მორიგი მცდელობიდან მალევე გაიმართა, კობახიძე მელიას და მის თანაგუნდელებს "კანონის მთელი სიმკაცრით დასჯით" დაემუქრა:
"შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ ვაცხადებდით, რომ პოლარიზაციას იწვევს კრიმინალების ყოფნა არა ციხეში, არამედ პოლიტიკაში. საქართველოში მალე დადგება დრო როდესაც პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები ხოლო კრიმინალები კანონის სრული დაცვით იქნებიან ციხეში", - განაცხადა კობახიძემ.
მან აქციის მონაწილეებს "კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან თავშეკავებისკენ", სამართალდამცველებს კი "პროპორციული ძალის გამოყენებისკენ" მოუწოდა.
"მოვუწოდებთ კანონსაწიმააღმდეგო შეკრების მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ პროპორციული ძალის გამოყენებისკენ", - განაცხადა კობახიძემ.
ცესკო-სთან სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა. ძალის გამოყენება პირველად მას შემდეგ მოხდა, რაც მომიტინგეები ნაწილი რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მივიდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ძალა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი სათანადო საფუძვლისა გარეშე გამოიყენეს და პოლიციას მოუწოდეს, ძალის გამოყენება შეწყვიტონ.
მომხდარს ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მან აღნიშნა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ გამოყენებული ძალა სასტიკი და არაპროპორციული იყო.
შეგახსენებთ, რუსთაველზე, პარლამენტის წინ გამართულ მასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ, მომიტინგეებმა ცესკო-სთან გადაინაცვლეს, სადაც მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.