logo
ENG



რუსეთი მთიან ყარაბაღში "სამშვიდობოებს" შეიყვანს - რა წერია ომის შეწყვეტის შეთანხმებაში

10 ნოე 202010:22
3 წუთის საკითხავი
clock 2006
2020/11/10/04x1j856lh3j35j.jpg

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

9-პუნქტიანი შეთანხმება ითვალისწინებს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციების შეწყვეტას, სამხედრო ტყვეების და დაღუპულთა ცხედრების გაცვლას, კონტაქტის ხაზისა  და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ რუსი სამხედროების განლაგებას, ასევე, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების დაბრუნებას.

"შევთანხმდით შემდეგზე:

1.      2020 წლის 10 ნოემბრის 00:00 საათიდან (მოსკოვის დროით) ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე და საბრძოლო მოქმედებების დასრულებაზე მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა, შემდგომში მხარეები, დარჩებიან დაკავებულ პოზიციებზე.

2.      აღდამის რაიონი და  სომხეთის მიერ ყაზახის რაიონში დაკავებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიები აზერბაიჯანის მხარეს დაუბრუნდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე.

3.      მთიანი ყარაბაღის გამყოფი ხაზისა და ლაჩინის დერეფნის მიმდებარედ განლაგდება რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტიგენტი, რომლის შემადგნელობაშიც იქნება 1 960 სამხედრო მოსამსახურე, 90 ჯავშანტექნიკა და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკა.

4.      რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი სომხეთის შეიარაღებული ძალების პარალელურად განლაგდება. რუსეთის ფედერაციის კონტინგენტის ადგილზე განლაგების ვადა იქნება 5 წელ იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს ვადის ამოწურვამდე 6 თვის ადრე ამ დებულების შეწყვეტის შესახებ.

5.      მხარეების მიერ შეთანხმების შესრულებაზე კონტროლის გაზრდის მიზნით შეიქმნება სამშვიდობო ცენტრი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას გააკონტროლებს.

6.      სომხეთის რესპუბლიკა 2020 წლის 15 ნოემბრამდე დაუბრუნებს აზერბაიჯანის რესპუბლიკას ქალბაჯარის რაიონს, 1-ლ დეკემბრამდე კი ლაჩინის რაიონს, თუმცა დაიტოვებს ლაჩინის დერეფანს, რომელიც მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის კავშირს უზრუნველყოფს და ამავე დროს არ შეეხება ქალაქ შუშას. მხარეთა შეთანხმების მიხედვით, შემდეგი სამი წლის განმავლობაში, განსაზღვრული იქნება გადაადგილების მარშრუტის გეგმა ლაჩინის დერეფანში, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს სტეფანაკერტსა და სომხეთს შორის. რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი ამ მარშრუტის უსაფრთხოებას დაიცავს. აზერბაიჯანის რესპუბლიკა უზრუნველყოფს ლაჩინსკის დერეფანში მოქალაქეების, ავტომანქანების და ტვირთის უსაფრთხო გადაადგილებას.

7.      იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის კონტროლით დაბრუნდებიან მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ტერიტორიებზე.

8.      მოხდება სამხედრო და ტყვეების, სხვა დაკავებულების და ცხედრების გაცვლა.

9.      განიბლოკება ყველანაირი ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი რეგიონში. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ორგანიზება გაეწიოს მოქალაქეების, ავტომანქანების და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო კონტროლს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური განახორციელებს. მხარეთა შეთანხმების მიხედვით, უზრუნველყოფილი იქნება ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას დააკავშირებს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან", - ნათქვამია დოკუმენტში.

 2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა, დაიწყო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები. ორჯერ რუსეთში, მესამედ კი აშშ-ის შუამავლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეთანხმების ხელშეკრულების მიუხედავად, ომი არ შეწყვეტილა.

არცახის რეგიონმა თავი დამოუკიდებლად 1991 წელს გამოაცხადა. 1992 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო. კონფლიქტში 1994-დან 2016 წლამდე 1008 ჯარისკაცი და 90-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

მთიანი ყარაბაღი ეთნიკურად სომხებით დასახლებულია. არცახის რესპუბლიკა დე ფაქტო, თვითაღიარებული რესპუბლიკაა, რომელიც არც ერთ სახელმწიფოს უღიარებია, მათ შორის არც სომხეთს. აზერბაიჯანი ყარაბაღს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს და მის დაბრუნებას ითხოვს.


close დახურვა