"შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი შედგა", - ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.
როგორც ინაშვილმა აღნიშნა, შეხვედრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პარტიის პოზიცია და თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
"მე ჩვენი პარტიის სახელით კიდევ ერთხელ დავაფიქსირე პოზიცია, რომ ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და მთელი რიგი ფაქტები იყო დასახელებული. ჩვენ მოვისმინეთ არჩილის [თალაკვაძე] პოზიციაც, არ მაქვს პრობლემა რომ არჩილთან მქონდეს კომუნიკაცია, მუდმივად ვართ ხაზზე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. თავისთავად შეხვედრა რომ შედგა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი. დეტალებზე საუბარი ნაადრევია და არ არის კორექტული", - განაცხადა ინაშვილმა.
მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ მოლაპარაკებები პოზიტიური შეთანხმებით დასრულდება.
"საერთოდ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. ამიტომ, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. კარგი იქნება, თუ დამთავრდება პოზიტიური შეთანხმებით", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ელჩებისა და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ეს შემადგენლობა პირველად შეიკრიბა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს, შედეგებს არ აღიარებს, აქციებით აპროტესტებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ამ დროისთვის ყველა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ გაყალბებული შედეგებით დაკომპლექტებულ პარლამენტში არ შევა.