საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი ხვალ, 18 ნოემბერს, შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. ასევე, შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს.
„ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
პომპეოს ვიზიტის ფარგლებში განსახილველი საკითხების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა 14 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ სამართლიანი საარჩევნო პროცესი საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
"ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს, გააძლიეროს ევრო-ატლანტიკური კავშირები და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები. 21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურების ჩატარება იგეგმება, დაახლოებით 16 მანდატისთვის. რა თქმა უნდა, როგორც ვთქვით, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიისთვის და ამ პოცესში ქართველი ხალხი აქტიურად მონაწილეობს.
სახელმწიფო მდივანი შეხვდება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა მათგან მოისმინოს მოსაზრებები კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის განხორციელების პროცესის და ადამიანის და ეკონომიკური უფლებების დაცვის შესახებ", - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.
გუშინ, 16 ნოემბერს, მაიკ პომპეოს საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სპეციალისტებმა ღია წერილით მიმართეს, რომელშიც გამოდიან ინიციატივით, საქართველოში ამერიკის მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა განთავსდეს. მათი თქმით, ეს საქართველოს NATO-ს წევრობასთან კიდევ უფრო დაახლოვებს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მდივნის შეხვედრების პარალელურად, 18 ნოემბერს, დილის 11:00 საათზე ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ამ ფორმით, ისინი მაიკ პომპეოს ეტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა.