საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, "ჯანსაღ სატელევიზიო დებატებში" მონაწილეობა მიიღოს. ამის სათქმელად მდინარაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, ოპოზიციის უარი "სრულ კაპიტულაციად" აღიქმება.
"რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსთავი 2 დღესაც მზადაა ამგვარ დებატებს უმასპინძლოს. სამწუხაროდ, ოპოზიცია კვლავაც თავს იკავებს დებატებში მონაწილეობისგან და იგონებს სხვადასხვა საბაბს, რათა საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ანალოგიურად, სხვადასხვა საბაბით მათ მანამდე თავი აარიდეს უბნების გადათვლას და უბნებზე დაყენებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გაცნობას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, გამოიჩინონ მეტი გამბედაობა, ნუ შეუშინდებიან სიმართლეს და მონაწილეობა მიიღონ ჯანსაღ სატელევიზიო დებატებში.
კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ, რომ დებატებზე უარის თქმა აღიქმება სრულ კაპიტულაციად და იმის აღიარებად, რომ საუბარი არჩევნებში გამოვლენილი სისტემური ხარვეზების შესახებ ცარიელი სიტყვები, სიყალბე და სპეკულაციაა", - თქვა მდინარაძემ.
ოპოზიციას სატელევიზიო დებატები რუსთავი 2-ის ეთერიდან თავდაპირველად ირაკლი კობახიძემ შესთავაზა. ამასთან დაკავშირებით ოპოზიცია ითხოვს, რომ დებატები ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით მოეწყოს.