ამ დრომდე ვერ ხერხდება 3 დღის წინ გაუჩინარებული 19 წლის ახალგაზრდის მოძებნა. მედიასთან კომენტარები გაააკეთეს დაკარგული გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებმა. ისინი კატეგორიულად უარყოფენ, რომ წვეულებაზე ახალგაზრდებს შორის ჩხუბის მიზეზი პირადი ურთიერთობებია.
„ის ფაქტი, რომ გიორგის ვინმე მოსწონდა და მაგის გამო მოხდა შეალაპარაკება, არ ექვემდებარება სიმართლეს. რამდენადაც ვიცით, იქ სიტუაცია უკვე არეული იყო და როდესაც ეს ყველაფერი ნახეს, მოდიოდნენ უკანა გზაზე თბილისიკენ. ვიცით, რომ მარტო არ იყვნენ, გურამთან და გიორგისთან ერთად ვიღაც სხვებიც იმყოფებოდნენ, გზაში შეხვედრილები. გიოს და გურამს რამე მოსვლოდათ, ეს გამორიცხულია, ან ის ფაქტი, რომ გიოს და გურამს იქ ვინმე მოსწონდათ და მაგის საფუძველზე იქ რამე ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ, გამორიცხულია 100%-ით“, - აცხადებენ შაქარაშვილის ახლობლები.
ასევე შაქარაშვილის ახლობლების თქმით, ფეხბურთელი დაბადების დღეზე დაგვიანებით მივიდა, სადაც უკვე დაწყებული იყო არეულობა. როგორც ახლობლები ამბობენ, შაქარაშვილმა წვეულება მეგობართან ერთად მალევე დატოვა და ისინი ტაქსის გასაჩერებლად ფეხით წავიდნენ. ახლობლების ინფორმაციით, შაქარაშვილთან და მის მეგობართან ერთად კიდევ 2 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან როგორც ახლობლები ამბობენ, ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ნაცემი იყო.
შაქარაშვილის ახლობლები ასევე აცხადებენ, რომ დაპირისპირების დროს ისინი გაიქცნენ, რა დროსაც მათ დაედევნენ და შაქარაშვილის მეგობარი ჩასვეს ავტომობილში, თავად შაქარაშვილის კვალი კი გაქრა არაგვის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც მისი ზურგჩანთა აღმოაჩინეს.
„მივიდნენ დაბადების დღეზე. დახვდათ არეული სიტუაცია, გიორგი იყო ძალიან უკონფლიქტო ადამიანი და სავარაუდოდ, არჩია სახლში დაბრუნება, ეს ვიცით გურის მონაყოლიდან. გზაზე რომ მოდიოდნენ, წამოეწიათ მანქანა, წინ მიმავალ პიროვნებასთან მოუვიდათ ჩხუბი, ამ დროს გამოიქცნენ გიორგი და თავისი მეგობარი გური და გზა იყოფა ამათი. დაბადების დღის წვეულებაზე უშუალოდ ის ადამიანები იყვნენ თუ არა, არ ვიცით, მაგრამ იმ წრიდან იყვნენ. გურის ვერსიით, მანქანაში რომ ჩაჯდა, ამ ბიჭებს დაუსვამთ შეკითხვა, სად არის შენი ძმაკაციო და გურის უთქვამს, რომ გაიქცა, არც ტელეფონი აქვს, არც არაფერიო. შემდეგ წამოიყვანეს და დიდუბის მეტროსთან ჩამოსვეს ეს ბიჭი და მერე სახლისკენ გააგრძელა გზა გურიმ“, - აცხადებს შაქარაშვილის ახლობელი.
საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელს მაშველები უკვე მესამე დღეა ეძებენ. საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკევთას გულისხმობს.