საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა. ახალი ინფიცირებულები თბილისის ზღვის ჰოსპიტალში არიან მოთავსებული. მათგან ორი აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომლებიც სატრანზიტო გადაზიდვას ახორციელებდნენ. ექიმების განმარტებით, მათ კორონავირუსი სწრაფი ტესტით საზღვარზე დაუდასტურდათ, რის შემდეგაც თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს და მკურნალობას იქ აგრძელებენ.
რაც შეეხება მესამე ინფიცირებულს, ის 20 წლამდე ასაკის კაცია. პაციენტი თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან მცხეთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ინფიცირების წყარო სავარაუდოდ მისი ბებიაა, რომელიც ასევე მცხეთის ჰოსპიტალში გადის მკურნალობას.
„დაფიქსირებულია სამი დადებითი პასუხი, აქედან ორი არის 60 წლამდე მამაკაცი, ისინი არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები. საზღვარზე დაფიქსირდა მათთან სწრაფი ტესტით დადებითი პასუხი, რის შემდეგაც გადმოიყვანეს ჩვენს კლინიკაში და pcr ტესტით დადასტურდა ორივე შემთხვევაში კოვიდი. ერთი არის 20 წლის მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, რომელთანაც ასევე დადასტურდა კოვიდი. პაციენტი გადაყვანილია მცხეთის სამედიცინო ცენტრში. პირველ წყარო როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მისი ბებიაა“, - განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარეხ ბექაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა და 882 გახდა.