სამი პარტია - გირჩი - მეტი თავისუფლება, სტრატეგია აღმაშენებელი და დროა - სენატორების შეფასებებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. პარტიები აღნიშნავენ, რომ სენატორების განცხადებები და მათზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "მათ საბოლოოდ აირჩიეს რუსეთის მხარე".
"ქართული ოცნების მცდელობები, შეცდომაში შეიყვანოს დასავლეთი და საკუთარი თავი პროდასავლურ ძალად წარმოსახოს, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო ნაკლები ადამიანისთვის არის დამაჯერებელი. აშშ-ის სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში დარწმუნდნენ, რომ "ოცნება" არ აპირებს ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას, რაც, აშშ-ის აზრითაც, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაა" , - აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე თქმით, სენატის მოსმენა ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მსგავსად, აშშ-საც ცხადად აქვს გაცნობიერებული "საქართველოში ოლიგარქიული მმართველობის სიმძიმე":
"სენატორებს ასევე აქვთ ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის დაუღალავ ბრძოლას გააგრძელებს და საკუთარი მთავრობის პასუხისმგებლობას უზრუნველყოფს. მართლაც, მთავრობის ანგარიშვალდებულებას უპირველეს ყოვლისა მოქალაქეები განაპირობებენ. ქართველი ხალხის ბრძოლა საკუთარი მომავლისთვის არის ის, რისი წყალობითაც თავისუფალი სამყარო ყოველთვის გვიჭერდა და დღემდე გვიჭერს მხარს. შესაბამისად, არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა და განვამტკიცოთ პარტნიორების კეთილგანწყობა ქართველი ხალხის მიმართ".
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორებმა თქვეს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დახმარების სისტემა, შესაძლოა, შეიცვალოს და ე.წ დამსახურებაზე დაფუძნებული გახდეს.
ე.წ დამსახურებაზე დაფუძნებული დახმარების სისტემა ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეასრულებს რეფორმებს, პარტნიორების მხრიდან მიიღებს დახმარებას.
სენატში შეშფოთებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ საქართველოში არის დემოკრატიის უკუსვლა. მათი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ნამდვილად არ არის საინტერესო" აშშ-ის სენატის მიერ საქართველოს დახმარების სისტემაზე შესაძლო ცვლილებები, რადგან მისი თქმით, "ამ დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე".