logo
ENG



სამადაშვილი: ოპოზიციის ამოცანა ადგილობრივი არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს მიღება უნდა იყოს

20 ნოე 202011:57
3 წუთის საკითხავი
 
სამადაშვილი: ოპოზიციის ამოცანა ადგილობრივი არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს მიღება უნდა იყოს

ენმ - გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი წერს, რომ ოპოზიციის მიზანი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის უკეთესი საარჩევნო გარემოს მიღება უნდა იყოს. 

სამადაშვილის თქმით, მას მეტად რეალისტური ჰგონია, რომ ოპოზიციამ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვოს და შემდეგ მოითხოვოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. 

"ქართული ოცნება დაზიანდება ერთპარტიული პარლამენტით - მაგრამ დიდი ალბათობით, არცთუ ისე, რომ ხელისუფლების შენარჩუნება 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ვერ მოახერხოს. მაშინ რა? ბოიკოტი არჩევნებს? თუ არა? თუ ოპოზიციას მოუწევს ადგილობრივ არჩევნებზე ბრძოლა, ამ არჩევნების მოგება და ამის საფუძველზე, ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების მოთხოვნა?

ვვარაუდობ, რომ ეს სცენარი უფრო რეალისტურია. ამ შემთხვევაში, მომავალი არჩევნებისთვის სხვანაირი საარჩევნო გარემოს მიღებაა ოპოზიციის ამოცანა და შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მიიღებს, ამ ამოცანის ჭრილში უნდა განიხილოს", - წერს სამადაშვილი Facebook-ზე

მისი თქმით, ოპოზიციის შიგნით არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომ არჩევნებს საქართველოში აზრი აღარ აქვს, შესაბამისად ხელისუფლების ცვლილებისთვის ბრძოლა სხვა მეთოდებით უნდა წარიმართოს. სამადაშვილი ამბობს, რომ ეს გზა უპერსპექტივოა. 

"თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა, ერთადერთ რაციონალურ მიზნად მიმაჩნია. შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილების ავ-კარგიანობას, ამ ჭრილიდან განვიხილავ. მათ შორის იმას, თუ რაზე შეიძლება შევთანხმდეთ ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში", - წერს სამადაშვილი. 

სამადაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას მოუთმენლად ელიან, რათა ყველა დაარწმუნონ, რომ არჩევნების გზით ბრძოლას აზრი აღარ აქვს. 

"ეს პრინციპული განსხვავებაა ჩემს და მათ შორის, ვინც მოუთმენლად ელის ამ მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას, იმისთვის რომ დაგვარწმუნოს, რომ არჩევნებს აზრი აღარ აქვს ამ ქვეყანაში. ამიტომ მაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები რაიმე აზრიანით დასრულდება, რადგან ალტერნატივა საკმაოდ ბნელ და უპერსპექტივო მომავალს უქადის ჩვენს ქვეყანას", - წერს სამადაშვილი. 

დღეს, 20 ნოემბერს ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ფასილიტატორებს ინდივიდუალურად ხვდებიან. ოპოზიცია ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი არც 21 ნოემბრის მეორე ტურებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. 

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათი მტკიცე მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა. 

ქართული ოცნების ლიდერები კი ამბობენ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან, თუმცა თბილისის მერმა და ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა კახი კალაძემ გუშინ, 19 ნოემბერს ოპოზიციას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა. 

"მინდა მივმართო ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს – ჩვენ უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა, შევიდეთ პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნიდან ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, რადგან ამ ქვეყნის მომავალი ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ", - განაცხადა კალაძემ. 


close დახურვა