logo
ENG



ჯაფარიძე ფასილიტატორებთან აუდიენციაზე: მე-3 რაუნდისთვის მოსამზადებელი შეხვედრა იყო

20 ნოე 202015:06
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე ფასილიტატორებთან აუდიენციაზე: მე-3 რაუნდისთვის მოსამზადებელი შეხვედრა იყო

გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ამერიკის ელჩთან კელი დეგნანთან და ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ფასილიტატორები ცდილობენ, იპოვონ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დამაკავშირებელი პოზიციები. 

ჯაფარიძის თქმით, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებთან აუდიენცია მე-3 რაუნდისთვის მოსამზადებელი წინასწარი შეხვედრა იყო.

"არაფერი კონკრეტული გზავნილები არ ყოფილა, იყო შეხვედრა. ჩავთვალოთ, რომ იყო მე-3 რაუნდისთვის მოსამზადებელი წინასწარი შეხვედრა, სადაც ფასილიტატორები ცდილობენ იპოვონ დაახლოების წერტილები ოპოზიციის პოზიციასა და ხელისუფლების პოზიციებს შორის. ოპოზიციის პოზიცია არ შეცვლილა. ვართ ბოიკოტის რეჟიმში და მთავარი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები. მათი მცდელობაა, რომ III რაუნდის შემდეგ რაიმე კონკრეტული შედეგი დაიდოს. ამიტომ, ცდილობენ, პოზიციების დაახლოებას", - განაცხადა ჯაფარიძემ. 

დღეს, 20 ნოემბერს ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ფასილიტატორებს ინდივიდუალურად ხვდებიან.

ოპოზიცია ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი არც 21 ნოემბრის მეორე ტურებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. 

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათი მტკიცე მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა. 

ქართული ოცნების ლიდერები კი ამბობენ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან, თუმცა თბილისის მერმა და ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა კახი კალაძემ გუშინ, 19 ნოემბერს ოპოზიციას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა. 


close დახურვა