logo
ENG



"მონებო" - ბათუმის საარჩევნო ოლქთან, სადაც აქცია იმართებოდა, 5 პირი დააკავეს

22 ნოე 202000:34
3 წუთის საკითხავი
clock 585
2020/11/22/pmnselxy9gsoeni.png

"მონებო!" - ამ შეძახილებით, ბათუმში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ, საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, მმართველმა გუნდმა არჩევნების შედეგები გააყალბა. აქციას ახალგაზრდული ორგანიზაცია ალტერნატივა მართავდა. მათ საუბნო კომისიის წევრებს "სირცხვილის კორიდორი" მოუწყვეს.

ადგილზე ვითარების დაძაბვის შემდეგ პოლიციამ 5 პირი დააკავა. ეს ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. 

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კოტე ანანიაშვილის თქმით, ოლქთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებას სოციალური დისტანციისა და პირბადის ტარების შესახებ.

მეორე ტური 17 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. 

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ამომრჩეველს მხოლოდ მმართველი პარტია - ქართული ოცნება სთხოვდა. 

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და II ტურს ბოიკოტს გამოუცხადეს. 

ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზეც. 

კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან. თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. 

ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს. 

ცნობისთვის, ცესკოს მონაცემებით მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ 26% შეადგინა.


close დახურვა