logo
ENG



გიორგი თარაგამაძის OP-ED: უარჩევნო არჩევნებით გაოცებული ევროპა

22 ნოე 202019:38
3 წუთის საკითხავი
clock 2298

ერთი ჩემი ბავშვობის დროინდელი პოლიტიკური ხუმრობით დავიწყებ: ბაზარში, გოჭის საყიდლად მისულ რაიკომის მდივანს გურული გამყიდველი ხვდება, დახლზე ერთი გაშავებული გოჭი უდევს და პარტიულ ხელმძღვანელს მის ყიდვას თავაზობს: აირჩიეთ აქედანო. - "რა უნდა ავირჩიო ბიჭო მარტო ერთი გოჭი რომ გამოგიდიაო.." ეკითხება დაცინვით და ბრაზით რაიკომის მდივანი. - "რავა გეიკვირვე, ბატონო თქვენც ეგრე არ მიგვერეკებით უარჩევნო არჩევნებზეო?”

დიახ ამხანაგებო! გუშინ, ბატონმა ბიძინამ ჩვენც და ევროპაც უარჩევნო არჩევნებით გაგვაოცა.. ქართული ოცნება, ერთადერთი პოლიტიკური ძალა იქნება საქართველოს პარლამენტში, ისევე როგორც საბჭოთა წყობისას. მანამდე კი ვუყურეთ ოცნების კანდიდატების ერთმანეთზე გადაბმულ სარეკლამო ვიდეოებს, სადაც საკუთარ თავს გვთავაზობდნენ მაყურებლისგან დაცლილ სტადიონზე, ისე რომ გვერდითა სარბენ ბილიკებზე მათ გარდა უბრალოდ აღარავინ იყო. ამ მოსაწყენი და აბსურდული სანახაობის შემსწრე ბევრ ჩვენგანს, განსაკუთრებით ჩემი და უფროსი ასაკის ადამიანებს, ალბათ გაგახსენდათ სკოლა და საპატიო ადგილას დაკიდებული ვლადიმირ ილიას ძე ლენინის სურათი, რომელსაც ბავშვები უყვარდა. ასე თუ გაგრძელდა, ალბათ სულ მალე, ჩვენი შვილების სკოლებში, კედლებზეც გამოჩნდება ახალი ბელადის - ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილის სურათები, რომელსაც ვლადიმირ ილიას ძესავით უყვარს ბავშვები. საქართველო კი ჩრდილო კორეის, ჩინეთის, ლაოსის, ვიეტნამის, კუბისა და ერითრიის შემდეგ რიგით მე-7 სახელმწიფო იქნება მსოფლიოში, რომელსაც ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება. "ვაშა ამხანაგებო! "მაგაზე დიდად ნუ ინერვიულებთ, დიდხანს ვერ გაძლებს ერთპარტიული საქართველო", გვამხნევებენ სოციალური ქსელიდან ივანიშვილის მომხრეები. "ოპოზიცია დაიღლება ქუჩაში დგომით, შეცივდება, ფული გამოელევა, მოსწყინდება და შევა პარლამენტშიო". იგივე პროგნოზს გვთავაზობს ოპოზიციაც, უბრალოდ იმ განსხვავებით, რომ მათი აზრით, უკვე ხელისუფლება ვეღარ შეძლებს გაძვალტყავებული და პრობლემებით სავსე ქვეყნის, დიდხანს, ერთპარტიულად მართვას, რის გამოც ახალი არჩევნები უბრალოდ დროის საკითხია.

დიახ! დრო აქ უდაოდ ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგალითად, ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევმა საბჭოთა კავშირი 18 წელი აცხოვრა უძრაობაში. ხოლო კიდევ უფრო უარეს უძრაობასა და ჭაობში საბჭოთა იმპერიამ 10 წელი იარსება, მისი გარდაცვალების შემდეგ. მაგრამ, როდესაც დროზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბრეჟნევის იდეოლოგიური მამები და პოლიტიკური წინაპრები მარქსი, ენგელსი, ლენინი და სტალინი იყვნენ. ხოლო ამ უკანასკნელის მიერ ნაშენებმა რეპრესიულმა სისტემამ და მილიონობით ადამიანის ჩონჩხზე დაშენებულმა ინდუსტრიალიზაციის ეკონომიკურმა ეფექტმა 90-იან წლებამდე მიატანინა საბჭოთა კავშირს და შესაძლოა მეტიც გაეძლო, რომ არა ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ერთიანი და დროში გაწელილი ანტისაბჭოთა პოლიტიკა. ბრეჟნევისგან განსხვავებით, ივანიშვილის უკან იდეოლოგიური მამების ამპლუაში მარქსი და ენგელსი ნაკლებად, თუმცა თვითგადარჩენის ინსტინქტის დიდოსტატი ფსიქოლოგი მენცარი კი ნამდვილად დგას. ვერც მინიატურული და დღეს უკვე კოვიდისგან ძალაგამოცლილი საქართველოს ეკონომიკა და ვერც ივანიშვილის მიერ ნაყიდი თუ დამონებული ინსტიტუტები გამოდგებიან ავტორიტარული საქართველოს დღეგრძელობის გარანტად. ამიტომაც, ეს ქვეყანა ერთპარტიული მმართველობის ქვეშ 10-ს კი არა 1 წელსაც ვერ გაძლებს. რადგან, პანდემიითა და ეკონომიკის დასუსტებით გამოწვეული უმძიმესი კრიზისი კიდევ უფრო მძიმდება: ივანიშვილი რომ საკუთარი ჯიბიდან ფულის დამხარჯველი არ არის, ეს უკვე ყველასთვის ნათელია და სულაც რომ მთელი ქონება გაიღოს, სიდუხჭირისა და ეკონომიკური ვარდნის მასშტაბების მშველელი მაინც ვერ იქნება. ვალად აღებული 7 მილიარდი უკვე გახარჯულია და მეტს აღარც არავინ მოგვცემს. ხოლო იმ პარლამენტის მიღებულ კანონებს, რომელსაც მოსახლეობის მხოლოდ უმცირესობის ლეგიტიმაცია აქვს, დიდი ალბათობით უკვე უმრავლესობა აღარ დაემორჩილება, რაც აღმასრულებელი ინსტიტუტების ფუნქციონირების პრობლემებს შექმნის. და თუ ასე გაგრძელდა, შევალთ ღრმა ჩიხში, რის შემდეგაც უბრალოდ დროის საკითხი იქნება ქვეყანა თავზე როდის დაგვემხობა, ანდა როდის მივაღწევთ იმ წერტილს, რომლის იქითაც გაუარესება უკვე უბრალოდ შეუძლებელია. სამწუხაროდ, უკვე გავლილია ის ხაზი, რომლის იქითაც ქართველ პოლიტიკოსებს, - ამ შემთხვევაში ბიძინა და ოპოზიცია იგულისხმება, ერთმანეთთან დალაპარაკება შეეძლოთ.

ხელისუფლების მიერ ორ განსხვავებულ სამყაროდ გაყოფილი საზოგადოებაც თვითორგანიზების და მათი ლიდერების შეთანხმებაზე იძულების არანაირ ნიშანწყალს ავლენს. და ვრჩებით კვლავ დასავლეთის იმედად, დასავლეთის, რომელსაც უამრავი თავისი პრობლემა დაუგროვდა და დრო დასჭირდება იმისთვის, რომ ამერიკის ენთუზიაზმმა, მისთვის ჩვეული ინიციატივისა და პასუხისმგებლობის აღების შემდეგ, მწყობრი, სისტემური პოლიტიკის სახე მიიღოს და ჩვენს რეგიონამდე მოაღწიოს. ანუ მარტივად რომ ვთქვა: არცთუ გრძელვადიან თამაშში ივანიშვილის დომინაცია პროცესზე დამთავრებულია. მოკლევადიანში კი, გამოუვალობის და სტაგნაციის შეგრძნება ოპოზიციას მხოლოდ იმ შემთხვევაში არ გაიყვანს აქტუალურობის სივრციდან, თუ სიყალბისა და ხალხის ინტერესებზე ზურგშექცეული პოლიტიკის საწინააღმდეგო, განსხვავებულთა ერთობაზე დამყარებული მოძრაობის ცეცხლს ისე არ გაანელებს, რომ - ბოლომდე ჩაქვრეს. ამით ის მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანს განაჩენს, თორემ ახალი ცეცხლის დამნთები ძალა აუცილებლად გამოჩნდება. ბოლოს და ბოლოს აქ არ გვყავს ივანიშვილი და კობახიძე, რომლებიც საკუთარ თავს მარტო არჩევნებში კი არ ეჯიბრებიან, არამედ ისეთი წარმოუდგენელი შეცდომების მოფიქრებასა და დაშვებაშიც, ზებუნებრივი წარმოსახვის მქონე სუპერპესიმისტი ოპოზიციონერის თავშიც რომ ვერ დაიბადება.


close დახურვა