logo
ENG



ბოკერია კობახიძეს: აღდგომა და ხვალეო, ეს პრიმიტიული მეთოდი პარტიების პოზიციას არ შეცვლის

25 ნოე 202018:19
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/25/wjelm08bgqo1poi.jpg

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძეს პასუხობს და ამბობს, რომ იზოლირებისა და დაყოფის პრიმიტიული მეთოდები არცერთი პოლიტიკური პარტიის პრინციპულ პოზიციას არ შეცვლის. 

მისი თქმით, კობახიძის განცხადება ცხადყოფს, რომ ქართული ოცნების ლიდერები საჭიროდაც არ თვლიან პარტიის წინააღმდეგ პროპაგანდის წარმოებას, რადგან იციან, რომ ევროპული საქართველო პოზიციას არ შეიცვლის. 

"ნეტარ არიან მორწმუნენი, თუ ჰგონიათ, რომ ამ ტლანქი ტაქტიკით რამეს მიაღწევენ. აღდგომა და ხვალეო, აი, ნახავენ მალე, როგორ არის ეს ვითარება. დარწმუნებული ვარ, არცერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს რეპუტაცია პრინციპი და პრაგმატული მიდგომა ქვეყნის და საკუთარი ინტერესის მიმართ, ამ პოზიციას არ შეიცვლის. მესმის ეს პრიმიტიული მეთოდია ამ ტიპის ნიაღვრის.

რაღაც იზოლირების. ამ შემთხვევაში, უნდა გამოვყო ეს, ამ კლოუნისგან, რომ ევროპულ საქართველოზე საჭიროდაც არ თვლის ამ პროპაგანდის წარმოებას რომ ჩვენ შევიცვლით პოზიციას. დარწმუნებული ვარ სხვა პარტიებიც დაუმტკიცებენ ამ კლოუნს, რომ მათზეც ტყუილად ჰქონდა გათვლა", - ამბობს ბოკერია. 

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით "ლუზერ" პარტიებს მეტად ხისტი პოზიციები აქვთ, ხოლო სხვა პარტიებთან პოზიციების შეჯერება კობახიძეს მეტად წარმოუდგენია. 

"ამ არჩევნებს ჰყავს მკაფიო ე.წ. "ლუზერები", ვინც ყველაზე მეტი წააგო ამ არჩევნებში. ეს არის ევროპული საქართველო, რომლის მხარდაჭერა ჩამოვიდა 10-ზე მეტი პროცენტიდან 4-ზე ნაკლებ პროცენტამდე და ამიტომ მეტი მოტივაცია აქვთ დესტრუქციისთვის", - თქვა კობახიძემ, - "რაც შეეხება სხვა პარტიებს, უმეტესობას აქვს ნაკლები მოტივაცია. აქედან გამომდინარე პოზიციები არის შეჯერებადი და მოლაპარაკებებში შესაძლებელია წარმატების მიღწევა". 

ქართული ოცნების გენერალური მდივნის ოპტიმიზმის მიუხედავად, მისივე შეფასებით ნაკლებად "ლუზერი" პარტიებიც მთავარ მოთხოვნად ხელახალი არჩევნების ჩატარებას ასახელებენ. 8-ვე ოპოზიციური პარტია, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა და საპარლამენტო მანდატები მოიპოვა, არჩევნების გაყალბების პროტესტის ნიშნად პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ მანამ, სანამ ხელისუფლება ხელახალ არჩევნებს არ დანიშნავს.

მათ ასევე უარი თქვეს 21 ნოემბრის მეორე ტურებში მონაწილეობაზე, რომელშიც საარჩევნო მარათონში მარტო დარჩენილმა ქართულმა ოცნებამ 17-ვე მაჟორიტარული ოლქი მოიგო. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი ამერიკის ელჩის რეზიდენციაში უკვე გაიმართა. 

მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვამდე ევროკავშირისა და ამერიკის ელჩებმა კარლ ჰარცელმა და კელი დეგნანმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები ინდივიდუალურადაც გამართეს. 

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამ დრომდე არ ამხელენ, თუ რა კომპრომისულ შეთავაზებას მიიტანენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუმცა მკაფიოდ გამორიცხავენ ხელახალი არჩევნების დანიშვნის პერსპექტივას. 


close დახურვა