ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილაში მამა-შვილი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა.
ოჯახის წევრების ცნობით, 47 წლის ქალიშვილის სახლში გარდაცვალების შემდეგ მათ 73 წლის მამის საავადმყოფოში გადაყვანა სცადეს, თუმცა გადაყვანაზე სასწრაფომ უარი განაცხადა.
გარდაცვლილთა ნათესავის ცნობით, თანასოფლელებთან ერთად კლინიკაში მისვლის შემდეგ 41 გრადუსამდე ტემპერატურის მქონე მამას მიღებაზე უარი უთხრეს, რადგან გიორგობის დღესასწაულის გამო ადგილზე ექიმები არ იყვნენ.
"ჩვენმა ექიმმა თქვა, დაუძახეთ სასწრაფოსო. სასწრაფომ თქვა, აუცილებელია საავადმყოფოში წასვლა. მომაკვდავი გოგო სახლში იყო, თვითონ წავიდა მეორე გოგოსთან ერთად საავადმყოფოში, იქ უთხრეს, რომ დღეს გიორგობაა, ექიმები არ არიან, უკან ტაქსით ჩამოვიდა ტირილით, გუშინწინ გოგო მოკვდა, გუშინ დილით თვითონ მოკვდა", - ამბობს ფორმულასთან საუბარში გარდაცვლილთა ოჯახის ახლობელი ლიდა პოღოსოაინი.
მამა-შვილი ექიმმა ვაჰან ვაჰანიანმა გასიჯნა. მან სასწრაფო გამოიძახა და ინფიცირებულები ახალციხის კლინიკაში გადაიაყვანინა. ვაჰანიანის თქმით, 73 წლის ინფიცირებული მამაკაცი კლინიკაში ადგილების არარსებობის გამო არ მიიღეს.
"სასწრაფო დახმარების ბრიგადა შიგნით არ შევიდა. ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ პაციენტი კლინიკაში თავად უნდა მისულიყო. მოხუცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში თანასოფლელებმა წაიყვანეს, იქ ექთნებს უთქვამთ, რომ ადგილები არ ჰქონდათ, ამის შემდეგ უკან გამობრუნდა და მეორე დღეს, დილის 6 საათზე გარდაიცვალა,", - ჰყვება ვაჰანიანი.
გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კლინიკაში პაციენტის არ მიღების შემთხვევაში, მათ 15 - 05 -ზე უნდა დარეკონ. მისი თქმით, კლინიკას არ აქვს უფლება არ მიიღოს პაციენტი, რადგან ეს მათი უფლებების დარღვევაა.