logo
ENG



გახარია: სოციალურად დაუცველები 6 თვის განმავლობაში 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ

26 ნოე 202015:16
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 65 000-დან 100 000-მდე ქულის მქონე სოციალური დაუცველი მოქალაქეები სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით, 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

"ჩვენ გვყავს სოციალურად დაუცველი 65 ათასსა და 100 ათას ქულას შორის საკმაოდ დიდი რაოდენობა მოსახლეობის. ეს ის ჯგუფია, რომელიც ყველაზე მოწყვლადია დღევანდელი და მსგავსი კრიზისების პირობებში. ამიტომ, ჩვენ ვაახლებთ ამ პროგრამას და 65 ათასიდან 100 ათას ქულამდე მქონე ყველა ოჯახს 6 თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით ექნება 100 ლარი, ისევე როგორც იყო პირველი ტალღის დროს", - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, 100-ლარიან დახმარებას ასევე მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, ვისაც სამი ან მეტი შვილი ჰყავს და 18 წლამდე ასაკის შშმ პირები.

"გარდა ამისა, 0 დან 100 ათას ქულამდე ოჯახებისთვის, ვისაც ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი, ყოველთვიურად 6 თვის განმავლობაში ექნებათ 100 ლარის დახმარება. ასევე, 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ  პირებისთვის 100-ლარიანი დახმარება გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში", - განაცხადა გახარიამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება. მათ შორის, გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 1 საათით გადმოიწევს და 21:00 სთ-დან დაიწყება. 

28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში და სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტება ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება.

კონკრეტულად: 

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
  • აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა შეზღუდვა აღდგება.


close დახურვა