სატელეფონო ანძების ამონაწერები და მიმოწერა - გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეს ათასზე მეტი ზარი აქვს თანდართული, თუმცა მას ამ დრომდე არ ჰყავს მკვლელობაში ბრალდებულები. 40 დღეზე მეტი გავიდა, რაც გიორგი შაქარაშვილი ჯგუფურად დევნისა და ცემის შემდეგ მოკლეს.
„შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ გონება დაკარგა და მდევრებმა კვალის დაფარვის მიზნით ის არაგვში ცოცხალი გადააგდეს. ესაა გამოძიების მთავარი ვერსიაც, თუმცა ამ დრომდე განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები ვერ გამოავლინეს.
17 დაკავებულიდან ბრალს არცერთი არ აღიარებს. „ფორმულას“ ინფორმაციით, მათ როგორც მკვლელობის ადგილზე, ისე ავტომანქანებში წაშალეს ყველა კვალი, რაც გამოძიებას შეიძლებოდა ენახა და მტკიცებულებების სახით მათ წინააღმდეგ გამოეყენებინა.
საქმეში 23 ტომი დევს - ბოლო ორი კი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ გამოძიებამ მკვლელობაში ბრალდებულებს მხოლოდ „ტოიოტა ქემრის“ მგზავრებს შორის ეძებს.
საქმის ბოლო მასალებზე დაყრდნობით შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ გამოძიება „მერსედესში“ მსხდომი პირების მკვლელობაში მონაწილეობას ირიბად გამორიცხავს, რადგან, ამ მასალების მიხედვით, მაგისტრალზე მომხდარი პირველი ჩხუბის შემდეგ ისინი თბილისში დაბრუნდნენ, თუმცა ეს ეპიზოდი ბუნდოვანია, რადგან საქმეში არ დევს პირდაპირი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა, რომ მერსედესი ჩხუბის პირველი ეპიზოდის შემდეგ ნარეკვავიდან პირდაპირ თბილისში ნამდვილად დაბრუნდა.
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში აგვისტოს ბოლოს იწყება. გამოძიებას ზუსტად ეს დრო აქვს პირდაპირი მტკიცებულებების შესაგროვებლად.