logo
ENG



ზაზა ბარბაქაძე: რამდენიმე მემანქანე სასუნთქ აპარატზეა, ერთი სამსახურში გახდა ცუდად

27 ნოე 202011:47
3 წუთის საკითხავი
 

პროფესიული კავშირი ერთობა 2013-ის თანადამფუძნებლის, ზაზა ბარბაქაძის ცნობით, 26 ნოემბრის საღამოს მდგომარეობით 70-მდე მემანქანეა ინფიცირებული და რამდენიმეს პასუხს კიდევ ელოდებიან. ფორმულას ეთერში, გადაცემა "ქალაქობანაში" საუბრისას, მანვე აღნიშნა, რომ რამდენიმე მემანქანე სასუნთქ აპარატზეა.

"საავადმყოფოებში წუხელაც გადაიყვანეს თანამშრომელი, ერთი სამსახურში გახდა ცუდად. ზოგი ითხოვს გადაყვანას და ადგილი არაა, მათ პროფკავშირმა მოუმარაგა ჟანგბადის ბალონები", - ყვება ზაზა ბარბაქაძე.

მანვე ისაუბრა მეტროპოლიტენში ვირუსის გავრცელების მიზეზებზეც და თქვა, რომ თავიდან, თანამშრომლების ტესტმა შეცდომით უარყოფითი აჩვენა, მათ მუშაობა გააგრძელეს და გახდნენ გამავრცელებლები.  

"ჩვენივე მოთხოვნით შემოიტანეს ტესტები, რომელიც იყო ანტისხეულებზე, რეალურ შედეგს ეს ტესტი მე-5 მე-7 დღეს ავლენს. ადამიანებმა რომ გაიკეთეს სიმპტომიდან მე-2 დღეს ეს ტესტი, ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ასეთი ადამიანები აგღძელებდნენ მეტროში მუშაობას და შესაბამიდან გამავრცელებლები გახდნენ. შემდეგ ჩვენი ტავმჯდომარის მოტხოვნით გაკეთდა PCR ტესტებიც", - ამბობს ბარბაქაძე.  

მისივე ცნობით, საბურთალოს ხაზიდან არცერთი მემანქანე არ არის გატესტილი ლუგარის ლაბორატორიაში, არამედ, მათ, ვინც სიმპტომურად თავი ცუდად იგრძნო, თავისი ხარჯებით გააკეთა ეს და გადავიდა თვითიზოლაციაში. 

25 ნოემბერს ერთობა 2013-მა განცხადა გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. პროფესიულ კავშირში აცხადებდნენ, რომ არსებობს მეტროს მუშაობის შეჩერების საფრთხე. პროფესიულმა კავშირმა სრული პასუხისმგებლობა სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს დააკისრა. 

მოგვიანებით, სატრანსპორტო კომპანიამ ერთობა 2013-ს უპასუხა. კომპანიაში განაცხადეს, რომ რეალურად, ინფიცირებულია 25-მდე მემანქანე და მეტროს მუშაობა შეფერხება არ ემუქრება. 

ამასთან, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მემანქანეების ინფიცირების მიუხედავად, მეტროპოლიტენის მუშაობა შეუფერხებლად გაგრძელდება. მისი თქმით, მინსკთან აქვთ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, საჭიროებისამებრ, ბელარუსიდან ჩამოიყვანენ მემანქანეებს.


close დახურვა