logo
ENG



DRI: ახალგორი ადგილობრივი მოსახლეობისგან იცლება

27 ნოე 202012:28
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/27/x29ax9r7di7joxq.jpg

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აცხადებს, რომ ახალგორი ადგილობრივი მოსახლეობისგან იცლება. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობამ ე.წ. "ოჯახების გაერთიანების" პროგრამა დაიწყო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ ოჯახის წევრებთან გადასახლებას და შესაბამისად, ახალგორში საკუთარი საცხოვრებლის სამუდამოდ დატოვებას გულისხმობს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ,"ოჯახების გაერთიანების" პროგრამის მსურველთა სიაში დაახლოებით 280 ადამიანია, ხოლო ახალგორისთვის, რომელიც 2008 წლიდან დღემდე მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა, ეს რიცხვი საგანგაშოა.

DRI-ში მიაჩნიათ, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის "ოჯახის გაერთიანების" პროგრამა ახალგორის ეთნიკურად ქართველი ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლის "ლეგალური" გზაა.

"წასვლის მსურველმა ჯერ ყველა კომუნალური გადასახადი და ჯარიმა უნდა დაფაროს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც ადგილობრივ ე.წ. უშიშროების სამსახურს წარედგინება. ამასთანავე აუცილებელია, რომ მოიპოვოს დოკუმენტები, რომლითაც დადასტურდება, რომ მას ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს ოჯახი ნამდვილად ელოდება. ყველაზე მნიშვნელოვანი და სახიფათო ამ პროგრამაში "გასვლის დოკუმენტის" შინაარსია, რომლის თანახმადაც, რაიონიდან წამსვლელს უკან დაბრუნების შესაძლებლობა აღარ მიეცემა და საკუთრებაზე, რომელსაც ტოვებს, მომავალში პრეტენზიას არ განაცხადებს", - ნათქვამია NGO-ს განცხადებაში.

დემოკრატიის განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ ამ პირობების მიუხედავად, უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, სასოწარკვეთილებასა და უიმედო მდგომარეობაში დარჩენილი მოსახლეობა, საკუთარი საცხოვრებლის დატოვებას და თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მაინც ცდილობს.

"რუსეთის ფედერაციის და ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებულმა პოლიტიკამ არასასურველი ქართული მოსახლეობისგან რეგიონის სრულად დასაცლელად, ახალგორში უმძიმესი პირობები ხელოვნურად შექმნა, რაც უნდა შეფასდეს, როგორც ჩუმი ეთნიკური წმენდა", - აცხადებენ NGO-ში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

ახალგორში შექმნილი უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისათვის გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი მექანიზმი და მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ახალგორში დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.


close დახურვა