ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა მართმადიდებელია, ისინი შობას აღნიშნავენ 7 იანვრის ღამეს და სწორედ ამიტომ იხსნება ამ პერიოდში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვა კომენდანტის საათან დაკავშირებით.
"ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელი საზოგადოებაა. სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენი უქმე დღეები, როგორც შობა, ასევე სხვა ბევრი უქმე დღეც არის უშუალოდ დაკავშირებული მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულებთან. ამ შემთხვევაშიც, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელია და შობას აღნიშნავს 6-დან 7 იანვარს ღამეს, ამ შეზღუდვიდან იყო აღებული გამონაკლისი. შეზღუდვა ეს გამონაკლისი მოხსნილი იყო ამ დღეს იმიტომ, რომ ეს საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ეხებოდა, რადგან ეს პრაქტიკულად ყველას ეხებოდა", - განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, ყველა კონფესიის წარმომადგენელი შეძლებს, სასურველ დროს აღნიშნოს დღესასწაული - ცქიტიშვილმა წინა შეზღუდვების დროს მათზე სპეციალური საშვების გაცემის პრაქტიკა გაიხსენა:
"რაც შეეხება სხვა კონფესიებს, ჩვენ სხვა კონფესიების ინტერესებს გავითვალისწინებთ, როგორც მანამდე ვაკეთებდით. ბევრად უფრო მკაცრი გადაადგილების შეზღუდვის დროს, რომელიც გვქონდა გაზაფხულზე, მაშინაც როგორც რელიგიის სააგენტო, ასევე ჩვენი საკოორდინაციო შტაბი მჭიდრო კონტაქტში იყო ყველა ამ კონფესიის წარმომადგენელთან და უშუალოდ საკოორდინაციო შტაბის გაცემული საშვებით ხდებოდა ამ ადამიანებისთვის იმ უფლების დაცვა. ამ ადამიანებს აქვთ უფლება, აღნიშნონ თავისი რელიგიური დღესასწაული იმ დღეებში, რომელიც მათი რელიგიითა გათვალისწინებული. იმ კონფესიებზე, გრიგორიანულ ეკლესიაზე ვსაუბრობთ კათოლიკეებს, ლუთერანეებსა და ა.შ. რელიგიის სააგენტო და ჩვენ ვართ კონტაქტზე და ხელს შევუწყობთ, რომ მათი უფლებები იყოს დაცული", - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ვიცეპრემიერმა ასევე თქვა, რომ საკითხის ირგვლივ "ზედმეტი აჟიოტაჟი" შეიქმნა და ალბათ უკეთსი იქნებოდა, შეზღუდვებზე საუბრისას, მთავრობის წარმომადგენლებს ამ თემაზე მეტი განმარტება გაეკეთებინათ.
"გადაადგილების შეზღუდვას, რომელიც იქნება მთელი ამ 2 თვის განმავლობაში, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, რა თქმა უნდა, ჩვენ ახალი წლის ღამეს მოვხსნით, ისევე, როგორც მოვხსნით შობის ღამეს. ამ ორ დღეს, გადაადგილებაზე შეზღუდვა, ქვეყნის მასშტაბით, არ იქნება", - ამის შესახებ გუშინ, 26 ნოემბერს საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ ქვეყანაში 28 ნოემბრიდან ასამქმედებელ შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა.
ქვეყანაში კომენდანტის საათი 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე საღამოს 21:00-დან დაიწყება და დილის 05:00 საათამდე გაგრძელდება.
ამ დროის განმავლობაში იკრძალება ადამიანების მოძაობა როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე.
თუმცა, შეზღუდვები არ იხსნება იმ დღეებში, როდესაც შობას სხვა კონფესიის წარმომადგენლები ზეიმობენ.
საკითხს გამოეხმაურა ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე და განაცხადა, რომ ეს მთავრობის მხრიდან შერჩევითი მიდგომაა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები შესაძლოა, არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული იყოს.
სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები მსგავსად მიემართებოდეს ყველა რელიგიურ გაერთიანებას, რათა მათ თანასწორ საფუძველზე შეძლონ რელიგიის თავისუფლების რეალიზება.