logo
ENG



ანტირუსულ აქციაზე დაკავებული ნათია ლეთოდიანი 20 ივნისს თვალდაკარგული კაცის შვილია

28 ნოე 202015:52
3 წუთის საკითხავი
clock 1992
2020/11/28/x86xatvmxhyvcaw.png

ანტირუსულ აქციაზე დაკავებული ნათია ლეთოდიანი 20 ივნისს თვალდაკარგული კაცის შვილია. 

კობა ლეთოდიანმა ერთი თვალი აფხაზეთის ომში დაკარგა, მეორე - 20 ივნისის აქციაზე. 

ნათია ლეთოდიანი კი კიდევ ერთ აქტივისტთან, შუშანა მაცაბერიძესთან ერთად მაშინ დააკავეს, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შინაარსს აპროტესტებდა და დროებით ღობეზე ანტირუსულ წარწერებს აკეთებდა. 

"გრძელდება რეპრესიები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქართული სახელმწიფოსთვის იბრძვიან". - ამბობს ელენე ხოშტარია, რომელიც თავადაც მონაწილეობდა დღევანდელ საპროტესტო აქციაში. 

პროტესტის მიზეზი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება გახდა, რომელიც ზურაბ აბაშიძის და გრეგორი კარასინის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა და რომელშიც რუსეთი მიუთითებდა, რომ "შეხვედრაზე დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი რუსული ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად". 

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამის შესახებ არაფერი ეწერა. მოგვიანებით ზურაბ აბაშიძემ თქვა, რომ კარასინთან შეხვედრაზე 20 ივნისზე არაფერი თქმულა და ეს რუსული მხარის ინტერპრეტაციაა. 

2019 წლის ივნისში, რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და მისთვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დათმობას პროტესტი მოჰყვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ძალის გადამეტებით დაშალა. დაშავდა ათობით მოქალაქე. პროტესტის შემდეგ რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერა. რუსული მხარე განცხადებაში "პროვოკაციის უარყოფით შედეგებში" სწორედ ფრენების შეჩერებას გულისხმობს და მის აღდგენაზე ლაპარაკობს. 


close დახურვა