
"ჩაირთოს საბაგიროები საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე", - ამ მოთხოვნით მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს.
მანიფესტს ხელი უკვე თითქმის 1000-მდე მოქალაქემ მოაწერა ხელი. პეტიციის ხელმომწერები პარლამენტს, მთავრობასა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართავენ და აცხადებენ, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო, მრავალმა ლოკალურმა ბინზესმა სამთო-სათხილამურო კურორტებზე, "უკვე განიცადა ფინანსური ზარალი, რომელიც მათთვის გაკოტრების ტოლფასია".
"აღნიშნული რეგულაცია მიღებულია COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თუმცა არ ითვალისწინებს არანაკლებ მნიშვნელოვან კომპონენტს, რაც არის შეზღუდვის ეკონომიკრი ეფექტი აღნიშნულ კურორტებზე.
ასევე, სრულიად უგულებელყოფილია ის ფაქტორი, რომ ზამთრის კურორტზე სრიალი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო აქტივობაა პანდემიის პირობებში, რადგან შემოსილი მოსრიალე ფაქტიურად იმეორებს იმ ჩაცმულობას, რითაც კოვიდ პაციენტებთან ექიმები არიან შემოსილნი.
ამ და ასევე იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სამთო-სათხილამურო სპორტით დაკავებული ადამიანები სრიალის პროცესში ერთმანეთისგან მინიმუმ 20მ დისტანციით მაინც იმყოფებიან, პრაქტიკულად ნულის ტოლია ამ დროს ვირუსის გავრცელების შანსები.
ზმოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, ვითხოვთ: საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) ამუშავდეს საბაგიროები შესაბამისი უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით;
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) დაიშვას ღია ტიპის კაფეების მუშაობა;
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლებს (ე.წ. გესთჰაუზებს) და აპარტოტელებს მიეცეთ სტუმრების დატოვების უფლება", - წერია პეტიციის ტექსტში.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება. საკარანტინო შეზღუდვები ზამთრის კურორტებსაც შეეხება. ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება. სასტუმროები კი მხოლოდ საკარანტინო სივრცეებად იმუშავებენ.