logo
ENG



ვადამდელი არჩევნები და "ლოქდაუნის" გაუქმება - მოქალაქეებმა პარლამენტთან კარვები გაშალეს

30 ნოე 202015:13
3 წუთის საკითხავი
clock 670
2020/11/30/4rxri3larc5ffkt.png

ვადამდელი არჩევნები და "ლოქდაუნის" გაუქმება - ამ მოთხოვნით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები აქციას მართავენ. 

ადგილზე შეკრებილებმა საკანონმდებლო ორგანოსთან კარვები გაშალეს. მათ სიმბოლური წითელი ხაზიც გაავლეს და ამბობენ, რომ ხაზს მიღმა საბჭოთა კავშირია, ხოლო "მერე მხარეს თავისუფალი საქართველო".  

მომიტინგეები ამბობენ, რომ პერმანენტული აქციების რეჟიმში გადადიან. მათივე შეფასებით, დაწესებული შეზღუდვები დისკრიმინაციულია და მათი შემოღებით ხელისუფლებამ მოსახლეობა შიმშილისთვის გაწირა. 

რაც შეეხება 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა "მათი ხმა მოიპარა და აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ ხელისუფლება უკან არ დაიხევს და სამართლიან არჩევნებს არ ჩაატარებს".  

ცნობისთვის, ანალოგიური აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. მათ შორის, გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 1 საათით გადმოიწია და 21:00 სთ-დან დაიწყება. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ასევე სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტა ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება, კონკრეტულად: 

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
  • აღდგება, როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა დასახელებული შეზღუდვა აღდგება.


close დახურვა