logo
ENG



სასამართლომ გვარამიას და უგულავასთან დაკავშირებული საქმეების შემდეგ, მელიას საქმეც განაახლა

01 დეკ 202022:32
3 წუთის საკითხავი
 
სასამართლომ გვარამიას და უგულავასთან დაკავშირებული საქმეების შემდეგ, მელიას საქმეც განაახლა

ნიკა გვარამიას და გიგი უგულავასთან დაკავშირებული საქმეების განახლების შემდეგ, ნიკა მელიას 20 ივნისის საქმის განხილვაც განახლდა. მელიას თქმით, საქმესთან დაკავშირებით პროცესი 15 დეკემბერს ჩაინიშნა.

"რა თქმა უნდა, ეს სინქრონულად მოხდა და ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის, რომ განაახლონ შეკერილი საქმეები. მთავარში ცდება ივანიშვილი, იმ ფიგურანტებს, რომლებსაც ეს სასამართლო პროცესები ეხება, დაჭერის, დაკავებების და დაპატიმრებების, თუ ტყვეობაში აყვანის არ ეშინიათ. მე უფრო ის მიკვირს, აქამდე აქამდე რატომ ვერ მიხვდა ამას ბიძინა ივანიშვილი", - ამბობს მელია. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეეზღუდა. ეს გახდა იმის საფუძველიც, რომ ქართულმა ოცნების პარლამენტმა მას დეპუტატის მანდატი შეუწყვიტა.

ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

მელიამ ელექტრონული სამაჯური 1 ნოემბერს, არჩევნების გაყალბების პროტესტის მიზნით გამართულ აქციაზე მოიხსნა. მას შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და გირაოს ოდენობა 30 ათასიდან 70 ათას ლარამდე გაუზარდა. გარდა ამისა, მელიას პროკურორის თანხმობის გარეშე საზღვრის კვეთის უფლება შეეზღუდა. 


close დახურვა