logo
ENG



ხვიჩია: დროა, ჯაფარიძემ პოზიცია დააფიქსიროს, ჩემს მლანძღველებს შორის მისი მეგობრებიც არიან

03 დეკ 202017:23
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/03/owczks5lrkqkbg6.jpg

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ბავშვთა პორნოგრაფიის მოხმარების შესახებ გამოთქმული მოსაზრების გამო მიღებული კრიტიკისა და გმობის შემდეგ წერს, რომ დროა, პარტიის ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოხატოს. 

ხვიჩიას თქმით, იმ ადამიანებს შორის, ვინც მისი მოსაზრების გამოქვეყნების შემდეგ, მას ლანძღავს, ზურა ჯაფარიძის მეგობრები და დამფინანსებლებიც არიან. 

"მგონია, რომ მართლა დროა ჯაფარამ საკუთარი პოზიცია გამოხატოს, რადგან რასაც ვუყურებ ჩემი მლანძღველების ნაწილი მისი მეგობარი და დამფინანსებელია", - წერს ხვიჩია. 

მისი თქმით, პარტიაში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ გირჩი ერთი კაცის პარტიაა და ამიტომ ისინი მხოლოდ ჯაფარიძეს აღიარებენ, პარტიის დანარჩენ ლიდერებს კი, როცა შანსი მიეცემათ, ლანძღავენ. 

"ეს ხალხი შანსს არ უშვებს, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან თავს არ დამესხას და არ დამკორტნოს.

არასოდეს არც ერთ ჩემ მეგობარს და დამფინანსებელს ეს არ უქნია გირჩის არც ერთი სხვა ლიდერის მიმართ, ამიტომ მაინტერესებს ნუთუ შეიძლება ეს ნორმალური იყოს?", - წერს ჯაფარიძე. 

საქმე ეხება Facebook პოსტს, რომელშიც ხვიჩია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით პირის დაკავების გამო აკრიტიკებდა. 

"პორნო გადმოწერა, დაასეივა ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს", - წერდა ხვიჩია. 

გირჩის წევრის განცხადებას სოციალურ ქსელში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ფეისბუქმომხმარებელთა ნაწილი ხვიჩიას პედოფილების მხარდაჭერაში ადანაშაულებდა და აკრიტიკებდა, ზოგიერთი მას უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა. 

ზურა ჯაფარიძეს იაგო ხვიჩიას განცხადების გარშემო სოციალურ ქსელში დაწყებული დისკუსიისა და კრიტიკის შესახებ პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებია. 

სამაგიეროდ, პოზიცია დააფიქსირეს პარტიის სხვა წევრებმა, რომელთა უმრავლესობაც ხვიჩიას განცხადებას გაემიჯნა. 

პარტიიის თანადამფუძნებელმა ნინო დარსაველიძემ რამდენიმე დღის წინ ხვიჩიას განცხადების გამო გირჩის დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევაც კი მოითხოვა.

ფეისბუქმომხმარებელთა მწვავე გამოხმაურების მიუხედავად, ხვიჩია წერს, რომ საკუთარი პოზიციის გამოთქმის გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

"ყველა ჩემი შეცდომა ნაღიარები მაქვს ვიღაცასთან და სადაც მოსახდელია, იქ ბოდიშსაც ვიხდი. მაგრამ სადაც ბოდიში მოსახდელი არაა და იხდი, ეგ არც ბოდიშია და არც არაფერს გამოასწორებს", - წერს ხვიჩია. 

 

 

 


close დახურვა