logo
ENG



"არასწორი იყო, თუმცა არა შინაარსის გამო" - ჯაფარიძე ხვიჩიას განცხადებაზე

03 დეკ 202018:10
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/03/3zzuc301g7yyfb0.png

ზურა ჯაფარიძე Zoomer-ის კითხვა-პასუხის რეჟიმში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე ამბობს, რომ იაგო ხვიჩიას ბავშვთა პორნოგრაფიის მოხმარების შესახებ გამოთქმული მოსაზრება არასწორი იყო, თუმცა არა შინაარსის გამო. 

შეხვედრის დაწყებამდე ერთ-ერთმა ფეისბუქმომხმარებელმა ზურა ჯაფარიძეს კითხვა მისწერა: "ასეთი ქცევები და გამოხტომები იაგოს მხრიდან როდემდე უნდა გაატაროთ? არ შეცვლით არაფერს?" 

მომხმარებლის შეკითხვა Facebook პოსტს შეეხებოდა, რომელშიც ხვიჩია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით პირის დაკავების გამო აკრიტიკებდა. 

"პორნო გადმოწერა, დაასეივა ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს", - წერდა ხვიჩია. 

მომხმარებლის კითხვის პასუხად ჯაფარიძე ამბობს, რომ ხვიჩიას მხრიდან პოზიციის დაფიქსირება არასწორი იყო, თუმცა არა შინაარსის გამო. მისი თქმით, პარტიაში "რაღაცების" შეცვლა იგეგმება. 

"კი რაღაცებს შევცვლით. გამოხტომას ამას ვერ დავარქმევ. ჩათვალა ადამიანმა, რომ პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა რაღაც საკითხზე და გააკეთა, თუმცა, ჩემი აზრით, არასწორი იყო და შემიძლია ბევრნაირად ავხსნა, რატომ იყო არასწორი. არა შინაარსის გამო, არამედ ბევრი სხვა მიზეზის გამო. 

კითხვის შინაარსი გავიგე და მეც მგონია, რომ ეგეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. მარტივად დავამთავრებ დღეს ამ კითხვაზე, აქ", - ამბობს ჯაფარიძე. 

იგივე საკითხზე კიდევ ერთი მომხარებლის კითხვაზე კი ჯაფარიძე განმარტავს, რომ ფუნდამენტურად არასწორი ჰგონია მსგავს კონტრავერსიულ თემებზე პოზიციების იმ ფორმით დაფიქსირება, რა ფორმითაც იაგომ გადაწყვიტა. 

"მე არ ვარ მაგის მომხრე, რომ რამე თემაზე ვინმემ თავი შეიკავოს. ფუნდამენტურად არასწორი მგონია, მაგრამ ფორმას გააჩნია. როდესაც ასეთ კონტრავერსიულ თემას ეხები, როგორ გადმოსცემ საკუთარ აზრს და მინიმუმ ის უნდა გაითვალისწინო, როდესაც ასე რაღაცას ზერელედ სამი წინადადებით აგდებ და ამას მოყვება აფეთქება და გინება ყველა მხრიდან, მერე რაც არ უნდა ცადო, რაღაცების ახსნა, უნდა გესმოდეს, რომ ამითი სერიოზული ზიანი მოადგა უკვე გირჩს", - ამბობს ჯაფარიძე. 

იაგო ხვიჩიას განცხადების შემდეგ ჯაფარიძე რამდენიმე დღის განმავლობაში საკითხზე პოზიციას საჯაროდ არ აფიქსირებდა. 

სხვა ადამიანების მსგავსად, დღეს თავად ხვიჩიამაც დაწერა, რომ ჯაფარიძეს ამდენად რეზონანსულ საკითხზე პოზიცია აუცილებლად უნდა დაეფიქსირებინა.

ხვიჩიამ თქვა, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც, მისი თქმით, მას ლანძღავდა, ჯაფარიძის მეგობრები და დამფინანსებლებიც იყვნენ. 

სამაგიეროდ, ხვიჩიას პოზიციის შესახებ თავიანთი მოსაზრებები გირჩის სხვა წევრებმა დააფიქსირეს, რომელთა უმრავლესობაც ხვიჩიას პოზიციას გაემიჯნა. 

პარტიიის თანადამფუძნებელმა ნინო დარსაველიძემ რამდენიმე დღის წინ ხვიჩიას განცხადების გამო გირჩის დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევაც კი მოითხოვა.

 


close დახურვა