logo
ENG



ოპოზიციის ლიდერები ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბნენ

17 აპრ 202114:31
3 წუთის საკითხავი
clock 1283

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბნენ.

განსახილველი თემა არის 15 მაისის აქცია, ასევე ქართული ოცნების ნაბიჯი - კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადების ხელმოწერა. 

ოპოზიცია ამ ეტაპზე დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს, ვინაიდან დოკუმენტში პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ ჩანაწერი მკაფიო არ არის. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი 5 საკითხიდან სამზე ოპოზიციური პარტიები თანხმდებოდნენ და პრობლემური იყო პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხი. 

"ეს საკითხებიც მოითხოვს მოლაპარაკების შემდეგ რაუნდს და იქნება ძალიან სერიოზული საუბარი მხარეებს შორის. იმ მოცემულობით, რა მოცემულობითაც დოკუმენტია ახლა, „სტრატეგია აღმაშენებელს“ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი და ამაზე ხელი ვერ მოეწერება, თუ არ მოხდა შემდეგი მოლაპარაკება და კიდევ უფრო დაახლოება ამ ორ საკითხზე. როგორ წარმოგიდგენიათ, პოლიტიკურ პატიმრებს დავთმობთ ოპოზიცია და მძევლებად დავტოვებთ რურუას და მელიას? რურუაზე არაფერია ამ დოკუმენტში ნათქვამი ისევე, როგორც ვადამდელ არჩევნებზე". - თქვა ჩიხლაძემ. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიაციის მიზნით გამართული მეორე ვიზიტი 31 მარტს კვლავ უშედეგოდ დაასრულა.

მის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს არც ერთმა დეპუტატმა ხელი არ მოაწერა.

დოკუმენტში წარმოდგენილი იყო შემდეგი პუნქტები:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება
  • მომავალი არჩევნები

ევროპარლამენტარებმა დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების გამო იმედგაცრუება გამოთქვეს და პასუხისმგებლობა მონაწილე მხარეებს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას დააკისრეს.

იმის გამო, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.


close დახურვა